ირაკლი ფავლენიშვილი – თუ ესენი დარჩნენ, არ იქნება არც პარტიები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ დემოკრატიის ნიშან-წყალი აღარ იარსებებს – თავისუფლება ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ!

თუ ესენი დარჩნენ, არ იქნება არც პარტიები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ ქვეყანაში დემოკრატიის ნიშან-წყალი აღარ იარსებებს – “ქართულ ოცნებას“ საკუთარი კურსი უკვე გაცხადებული აქვს! – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერს თეა წულუკიანს, რომლის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
ფავლენიშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აიკრძალება არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ქართული დემოკრატია.
“პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, თუ ქვეყანაში დემოკრატია გაუქმდება და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ციხეში იქნებიან.
ამიტომ თავისუფლება ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ. ეს არ გახლავთ პარტიული ბრძოლა. ეს არის არა პარტიული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ბრძოლა. საპროტესტო მოძრაობის შედეგად სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს.
4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღე უნდა გახდეს – უნდა ვიყოთ უპრეცედენტოდ ბევრი. ივანიშვილის რეჟიმი არის უპრეცედენტოდ დასუსტებული და ერთმანეთზე გადაკიდებული“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.