უკრაინასა და რუსეთზე დრონებით შეტევა იყო, მოსკოვის ოლქიდან მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

მოსკოვის ოლქის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ იუწყება უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შემდეგ, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დრონებით მორიგი შეტევა იყო ზეც.
დღეს, 29 სექტემბერს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოლქის ქალაქებში, კოლომნასა და ვოსკრესენსკში ჩამოაგდეს ოთხი უკრაინული დრონი. ვორობიოვის თანახმად, ვოსკრესენსკში ხანძარი გაჩნდა კერძო სახლში, სადაც დაიღუპნენ 76 წლის ქალი და მისი 6 წლის შვილიშვილი.
გუბერნატორის თანახმად, ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ქუჩის განათება.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 28 სექტემბრის ღამიდან 29 სექტემბრის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უკრაინული დრონი და მათგან 4 – მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 24 და 21 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 29 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 32 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 23 ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს. სარდლობა კონკრეტული ადგილების დასახელების გარეშე ადასტურებს 9 რუსული დრონით დარტყმას 8 სხვადასხვა ადგილზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევამ მასშტაბური ხანძრები გამოიწვია დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონში. დაზიანებულია სახლები, სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიჭრა ერთი ადამიანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ