ანა წითლიძე – ადამიანები მეკითხებიან, 4 ოქტომბერს ხომ იქნება რევოლუცია? – თუ „ოცნებას“ რუსული სპეცოპერაცია გამოუვა, დაანონსებულია და წულუკიანმაც გვამცნო: აკრძალავენ ყველა პარტიას, სამოქალაქო სექტორს „მოგუდავენ“, შემდეგ მედიას მიადგებიან

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილისთვის საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია იმას კი არ ცდილობდა, რომ ივანიშვილი ყოფილიყო ფოკუსი, მათი ფოკუსი იყო „ნაციონალური მოძრაობა“.
„ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე რეჟიმის დამარცხება. წინასაარჩევნო პერიოდში იმას კი არ ცდილობდა ოპოზიცია, ივანიშვილი ყოფილიყო ფოკუსი, მათი ფოკუსი იყო „ნაციონალური მოძრაობა“. სანამ ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდნენ, როდესაც 4 ოქტომბრის პროცესი დაიწყო, მეც ბევრი კითხვები მქონდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველა ადამიანს ოპოზიციური სპექტრიდან, უმრავლესობას მაინც, პირადად შეხვდა, მათ შორის, პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო. ვერ შედგა ეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ყველას თავისი ამბიცია აქვს“,- აღნიშნა წითლიძემ, რის საპასუხოდაც დასმულ კითხვაზე: „იქნებ ვერ მიიღეს დამაჯერებელი პასუხი“, წითლიძემ განმარტა, რომ „დამაჯერებელი პასუხი ვერასდროს იქნება, თუ ამბიცია უფრო დიდია, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“.
„დამაჯერებელი პასუხი ვერასდროს ვერ იქნება თუ ამ ყველაფერს ისე უყურებ, რომ მთავარია შენ იყო პირველი, შენ გქონდეს მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი და რეჟიმის პირობებშიც იტივტივებ დიდი ხანი. ძალიან იშვიათი გამონაკლისისა, ოპოზიციონერები იცით როგორ არიან?! ცხოვრობენ პენტჰაუზებში, აქვთ შემოსავალი, ოჯახიდან, ძველი ბიზნესიდან თუ ასე შემდეგ, კარგად არიან, არ უჭირთ ისე რომ 10-15 წელი ივანიშვილის პირობებში იტივტივონ. 2018 წელს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი მეუბნებოდა, რატომ აკლავ თავს, იყოს ბიძინა და ბოლო-ბოლო თავისით რაღაც მოუვა, მოკვდება და მაგ ცვლილებას დაველოდოთ“, – აღნიშნა წითლიძემ.
მან 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გარდატეხა მოხდა და მოქალაქეებს რომ ჰკითხონ, თუ რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, ისინი რევოლუციაზე ისაუბრებენ.
„ძალიან ხშირად მეუბნებიან, 4 ოქტომბერს თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთბ? 5 ოქტომბერს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. 4 ოქტომბერს რომ გამოვიდეს, შესაძლებლობა გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით… დღეს, რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებენ, მეკითხებიან, რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება, ჩვენ რევოლუციისთვის გამოვდივართ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ჰყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა „რევოლუციით“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ, ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ სიტყვას. გარდატეხა მოხდა, რუსთაველის გამზირზე ყველა რევოლუციას რომ იძახის, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე დაგელაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა. არ არის სწორი აქცენტი იმაზე რომ 13 წელის განმავლობაში რომ ვერაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ეს დღე შესაძლოა არ გამოვიდეს“,- აღნიშნა წითლიძემ.
ანა წითლიძის თქმით, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ აკრძალავენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემდეგ სამოქალაქო სექტორს მიადგებიან და „მოგუდავენ“.
„თუ 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაცია მას გამოუვა და არაფერი მოხდება, 4 ოქტომბრის შემდეგ დაანონსებულია, რას აპირებს ივანიშვილი. გუშინ წულუკიანმაც გვამცნო, მიადგებიან პოლიტიკურ პარტიებს, აკრძალავენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემდეგ სამოქალაქო სექტორს მიადგებიან, „მოგუდავენ“, შემდეგ თავისუფლად მედიას მიადგებიან, შემდეგ თითოეულ მოქალაქეს მიადგებიან, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს. ბოლომდე გავა ივანიშვილი საქართველოს იზოლაციის კუთხით. 4 ოქტომბერს სულ რომ არაფერი იყოს ჩანიშნული, სპეცოპერაციის შემდეგ მაინც გააკეთებს ამას. ამის გარეშეც ასეთი გეგმა აქვს“,-აღნიშნა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას