ეს არის მათი ფორმალური მცდელობები, თავიანთ არაფორმალურ და არასამართლიან მოქმედებებს მიხედონ. „ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკს თავი დაანებონ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” არის სახელმწიფოს იდეა.
„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას 2012 წლიდან გეგმავს, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ზიანი მიეყენებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, წლიდან წლამდე, „ნაციონალური მოძრაობა” უფრო ძლიერი ხდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ არის ორგანიზაცია, არ არის რაღაც იურიდიული პირი, „ნაციონალური მოძრაობა” არის სახელმწიფოს იდეა, ტერიტორიული მთლიანობის იდეა, ქართული დროშის და ეროვნული სულისკვეთების იდეა. ამიტომ, ეს არის მათი ფორმალური მცდელობები, თავიანთ არაფორმალურ და არასამართლიან მოქმედებებს მიხედონ. „ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკს თავის დაანებონ“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მან ასევე, 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა.
„4 ოქტომბერს არის სახალხო აჯანყების, სახალხო ამბოხის დღე, ეს გადაწყვიტა ხალხმა. პოლიტიკოსებმა ეს უბრალოდ გააჟღერეს იმიტომ, რომ პოლიტიკოსები უნდა ასრულებდნენ ხალხის დაკვეთას. ეს არის ხალხის დაკვეთა, ამაზე საუბრობს პოლიტიკოსი და სასაცილო და ტრაგიკულია, რომ ამ ლაპარაკისა და პოლიტიკური განცხადების გამო დაატყვევეს ლევან ხაბეიშვილი. თუმცა, ლევან ხაბეიშვილი და არცერთი სხვა პოლიტიკოსი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. გადაწყვეტილებას იღებს ხალხი”,- განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის [საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის] დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
