ძალიან მარტივ, წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე, წულუკიანის კომისიის სახით – ამით ცდილობენ, რომ იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზება შეძლონ, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა ამ კორუმპირებულ, ქართველი ხალხის მძარცველ პოლიტიკურ ძალას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
მისი თქმით, „ხალხს, რომლებიც დატანჯულები არიან მაღალი ფასებით, დაბალი ხელფასითა და უპერსპექტივობით, ამ პრობლემების ნაცვლად, მორიგ ჯერზე წინა საარჩევნოდ „ანტინაცურ“ პროპაგანდას ასაღებენ“.
„ძალიან მარტივ, წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე, წულუკიანის კომისიის სახით. „ქართულმა ოცნებამ“ 14 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი გაძარცვა, წარმოუდგენელი კორუფციის შედეგად, „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტა გამდიდრებულია და ქართველი ხალხი გაღარიბებული. ამ ხალხს, რომლებიც დატანჯულები არიან მაღალი ფასებითა, დაბალი ხელფასითა და უპერსპექტივობით, ამ პრობლემების ნაცვლად, მორიგ ჯერზე “ანტინაცურ” პროპაგანდას ასაღებენ წინა საარჩევნოდ, რომ ამით, იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზება შეძლონ, რომლებიც ჯერ კიდევ შერჩა ამ კორუმპირებულ, ქართველი ხალხის მძარცველ პოლიტიკურ ძალას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის [საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის] დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
