სინდისის პატიმრის, სერგეი კუხარჩუკის მადლიერების წერილი ციხიდან

ავტორი: სერგეი კუხარჩუკი, სინდისის პატიმარი
მადლიერების წერილი (პოსტი)
მსურს მივმართო პატიოსან და წესიერ ქართველ ხალხს, ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი და შვილების მომავლისთვის. პირადად ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვიჭერდა და გვიჭერს მხარს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ისეთი მტრების წინააღმდეგ, როგორებიც არიან და „ქართული ხელისუფლება“, ხელისუფლება, რომელიც ყველა შესაძლო და შეუძლებელი საშუალებითა და ძალით, სიცრუითა და უსამართლობით ცდილობს ქართველი ხალხი მონობისა და სიღარიბისთვის გაწიროს.
ხელისუფლება არ ითვალისწინებს იმ ხალხის აზრს, რომელსაც ეთქმის სიტყვა და აქვს არჩევანის უფლება. მათ ნაცვლად არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს რუსული მთავრობა, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლების სახელით მოქმედებს.
მე, როგორც უკრაინის მოქალაქემ ბევრი რამ ვიცი იმაზე, რაც ახლა ხდება და ჩემი მოსაზრებები რეალობაში არ თავსდება. აბსურდია ის, რასაც ვხედავ. ახლო წარსულში გავიარე ასეთივე პერიოდი ჩემს ქვეყანაში და ბევრი უსამართლობა და თავაშვებულობაც ვნახე. უპირველესად სამართლიანობა მსურდა ხალხისთვის და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისთვის და არა ის, რასაც გვთავაზობს „ხელისუფლება“ და ქართული ოცნება და ზოგადად, რუსეთის ყველა თაყვანისმცემელი.
ვერ შევეგუები იმ საყოველთაო უკანონობას, როცა ითრგუნება არა ერთი ადამიანის, არამედ, მთელი ერთის არჩევანი, ერისა, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და შვილებისთვის ნორმალური ცხოვრება სურს. მათ არ უნდათ რუსული რეჟიმის მონებად იქცნენ. რუსეთი ყველა ხალხის და ქვეყნის მტერია. ვერ ვეგუები იმას, რომ რუსეთად წოდებული სახელმწიფო თავს დაესხა ქვეყანას, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ამავე ქვეყანამ, 2022 წელს, როცა სრულმასშტაბიანად შემოიჭრა ში, მე და სხვა ბევრი ახალგაზრდა დაგატყვევა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არავინ ყოფილა სამხედრო. კანონის დარღვევით გადაგვიყვანეს ეგრეთწოდებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც წელიწადზე მეტი ვიყავით, სხვები კი – უფრო დიდ ხანს. გვცემდნენ, გვიწყობდნენ დაკითხვებს, პროვოკაციებს. რაღაც დროის შემდეგ მე და კიდევ რამდენიმეს გაგვიმართლა და გადაწყვიტეს ჩვენი უკრაინაში დეპორტირება, მაგრამ იმ დროს ეს მხოლოდ საქართველოს გავლით იყო შესაძლებელი. გაგვასამართლეს და ქვეყანაში რვა წლით აგვიკრძალეს შესვლა, რის შემდეგაც ზემო ლარსის საზღვართან მიგვიყვანეს და საქართველოს მიმართულებით გაგვიშვეს. ასე აღმოვჩნდით საქართველოს საზღვარზე საბუთის გარეშე, რომელიც ჩვენს ვინაობას დაადასტურებდა.
ადამიანებმა, რომლებსაც ესმით ეს საკითხები, შესაბამის ორგანოებს მიმართეს, რის შემდეგაც ყველანი ზემო ლარსის საზღვრის გამშვები პუნქტის სარდაფში მოგვათავსეს მანამ, სანამ უკრაინიდან არ მოვიდოდა პასუხი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ყოველი ჩვენგანი სწორად ასახელებდა საკუთარ ვინაობას.
ორი თვე, როცა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარდაფში ვიყავი, თავს ისევ ტყვედ ვგრძნობდი. საკუთარ თავზე გამოვცადე ეგრეთწოდებული პოლიციისა და მესაზღვრეების ბოროტება და სიძულვილი, რომლებიც, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან.
გამოვცადე ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა და ცემა. მაშინვე შემექმნა პირველი მოსაზრება და პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია, რომ რეალურად საქმე გაცილებით მძიმედ იყო, ვიდრე ის, რაც მე გადამხდა თავს. სინამდვილეში ყველაფერი ზედაპირზე დევს – სრულიად უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებენ, სცემენ ქალებს, ბიჭებს, გოგოებს, ემუქრებიან ძალადობით, სიცოცხლის მოსპობით, უდებენ ნარკოტიკებს, − ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უკანონობა და ბოროტება მათ არ შეეხებათ და გვერდს აუვლის. მათ მინდა ვუთხრა, რომ მწარედ ცდებიან. დადგება დრო და თქვენც მოგაკითხავენ. თქვენი საშუალებით ქმნიან ტყუილ ილუზიას, თქვენ კი თვალებს ხუჭავთ და ვერ ხედავთ პრობლემებს, რომლებიც მთელ ქვეყანას შეექმნა და ვერც იმას, რომ ეს ბოროტება ტყუილის საშუალებით ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას. გავა დრო და იმ ბოროტების ნამდვილ სახეს თქვენც დაინახავთ, რომელსაც საქართველოს „ხელისუფლება“ და ქართული ოცნება ჰქვია.
ასევე, არ შემიძლია გავჩუმდე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ვნახე და რომლებიც გულს მიგლეჯს. ესაა ავარიული სახლები, ბავშვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მრავალშვილიანი ოჯახები, ბავშვები და ზრდასრულები, რომლებიც შშმ პირები არიან, პენსიონერები, ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ და იძულებულები არიან ქალაქის ქუჩებში იმათხოვრონ.
ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხზე ჰკიდია. უბრალოდ, ეს ყველაფერი მათ არ აღელვებთ, ისქელებენ ჯიბეებს, ყიდულობენ მანქანებს, ვილებს უცხოეთში და დაატარებენ ფულს ბანკიდან ბანკში. მილიარდები და მილიონები აქვთ და მაინც არ ჰყოფნით. რეალობა ისაა, რომ ადამიანები საქართველოში კი არ ცხოვრობენ, არამედ გადარჩენისთვის იბრძვიან, არსებობენ, როგორც უსარგებლო ნარჩენები. ხელისუფლება არად აგდებთ იმათ, ვინც არ აღიარებს რეჟიმს, სხვათა შორის, ეს ადრეც ბევრგან მომხდარა – არასაჭირო ადამიანებს ყველა შესაძლო მეთოდით ანადგურებდნენ, როგორც რაღაც ზღუდეს, რომელიც უკანონობის გზაზე ხვდებოდათ, ისე, როგორც 90-იან წლებში.
მე სხვა ქვეყნის, უკრაინის მოქალაქე ვარ და მრცხვენია ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, რომლებიც საკუთარ და-ძმებს უკანონოდ ექცევიან საქართველოში. ჩემი დარდი ამ წერილით გადმოგეცით. ასევე, მინდა ძლიერ და მამაც ქართველ ხალხს ვთხოვო, ხალხს, რომელიც მთელი გულით მიყვარს, რომელმაც საკუთარ სახლის კარი გამიღო და სირთულეების დროს გვერდით დამიდგა: იბრძოლეთ დაუღალავად, მიაღწიეთ სამართლიანობას, არ შეგეშინდეთ და არ მისცეთ საშუალება რუსულ ბოროტებას, რომ დაანგრიოს ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი, არ მისცეთ საშუალება მტერს, ზურგში ჩაგასოთ ბრჭყალები.
ჩვენ და თქვენ ძლიერი, მამაცი ხალხი ვართ, ძალა და საყრდენი ვართ ერთმანეთისთვის. ერთად ვერ დაგვამარცხებენ, რადგან სულიერად ძლიერები ვართ. ჩვენს საერთო მტერზე ერთად გავიმარჯვებთ, იმის მიუხედავად რა დრო, ძალისხმევა, ნერვები და მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს ამ გამარჯვებას.
ჩემო ძვირფასებო, მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, მოთმინებას და ვაჟკაცობას. არ ჩამოუშვათ ხელი, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, ყველგან, სადაც შეძლებთ ილაპარაკეთ ხელისუფლების თავგასულობასა და უკანონობაზე. ყველანი მიყვარხართ, ყველას გეხვევით და გისურვებთ გამარჯვებას ჩვენს საერთო მტერზე. გამარჯვება ჩვენი იქნება! მტერს სასამართლო მოელის, სიმართლისა და სამართლიანობის სასამართლო, რომელსაც ქართველი ხალხი მოუწყობს.
უფალს გავედრებთ, ჩემო ძვირფასებო, ვთხოვ ჯანმრთელობას, ძალას, შთაგონებას, გულწრფელად ვთხოვ ხსნას. ვლოცულობ უსინათლოთათვის და უძლურთათვის, მათთვის, ვინც დაკარგა იმედი. ვლოცულობ და ღმერთს მივმართავ. ვთხოვ, რომ ყველას გვაპატიოს ცოდვები, რადგან ისინი, დამიჯერეთ, ძალზე ბევრია. ღმერთის წინაშე ვლოცულობ და ვინანიებ. ხსნის ლოცვას წარმოვთქვამ, და უფალს, მაცხოვარს გულში შემოვუშვებ, მეც ისევე დამიცავს, როგორც სხვებს. ის მიცავს, მაძლევს ძალას და იმედს. უფლისგან კურთხევას ვიღებ, და ძალას, ვიცხოვრო სრულიად უცოდველად. ღმერთის წინაშე და თქვენ წინაშე მუხლებზე ვდგავარ და გულწრფელად, ხმამაღლა ვამბობ სიტყვებს: უფალო, მაცხოვარო ჩემო, მაპატიე მე.
სერგეი კუხარჩუკი ერთ-ერთია ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11-პირიანი საქმიდან. საბოლოოდ მას ბრალიდ გადაუკვალიფიცირეს, თუმცა 2-წლიანი პატიმრობა მაინც მიუსაჯეს.