ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო დარტყმისას დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა დატოვა

ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და კლინიკა გამთენიისას დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 10 იანვრის ღამეს რუსეთმა ხარკოვზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ.