2025 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თავისებურებებზე, ასევე იმაზე გაეროში გამოსვლით რა გზავნილები მიაწოდა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას, „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა.
– ქალბატონო ნატა, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, მაგრამ, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, საგარეო პლიტიკაში კარგი ბევრი არც არაფერი გვაქვს. ვგულისხმობ ევროპასთან და აშშ-თან გართულებულ ურთიერთობებს.
იმ დაპირებებსაც, რომ აშშ-თან „სუფთა ფურცლიდან“ დავიწყებთ ურთიერთობებს და ევროკავშირში შესასვლელად განაცხადს 2030 წელს შევიტანთ, რეალურად, კარგი პირი არ უჩანს. ასეა, რადგან, ლამის ევროპის ყველა წამყვან ქვეყანას მტრად ვიკიდებთ. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.
ამ მოვლენების ფონზე დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი აშშ-ში, სადაც მას გაეროში ჰქონდა გამოსვლა. როგორც ვაშინგტონში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა – ელოდება პრეზიდენტ ტრამპისგან შეხმიანებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაახლებლად.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას? სავარაუდოდ, რა გზავნილები მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ პრეზიდენტ ყაველაშვილის გაეროში გამოსვლისაგან?
– დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ აქვს. ყაველაშვილი გაეროში იყო ამის თვალსაჩინო მაგალითი: პორტრეტი ქვეყნისა რომელსაც საგარეო პოლიტიკის მხოლოდ ატრიბუტიკა აქვს, შინაარსისგან კი მთლიანად დაცლილია.
თქვენი იკითხეთ როგორ აღიქვეს დასავლეთში მისი გზავნილები. ამაზე პასუხი მარტივია: არანაირად. მას არავინ უსმენს. ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კი არა, თბილისშიც არავინ უსმენს.
გასაკვირიც არ არის, როდესაც საქმე გაქვს ქვეყანასთან, რომელიც საგარეო პოლიტიკას აღარ ქმნის და ნათელია რომ არც ყაველაშვილი და არც ბოჭორიშვილი არ არიან ამ „არა-პოლიტიკის“ ავტორები. საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს დაკავებულია მხოლოდ პარტნიორი, აწ უკვე ყოფილი პარტნიორი ქვეყნის ელჩების დაბარებით და მათთვის დემარშების მოწყობით.
შეგვიძლია სახელიც შევუცვლოდ და საგარეო დემარშების სამინისტრო ვუწოდოთ. ევროპული დეპარტმანეტი კი, ევროპული კონსპირაციების დეპარტამენტად გადავაკეთოთ, რომელიც ზედმიწევნით ამხელს როგორ უშედეგოდ ცდილობს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოში გადატრიალების მოწყობას, „ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და მეორე ფრონტის გახსნას.
რა არის საგარეო პოლიტიკის მიზანი ნებისმიერი ქვეყნისთვის? ეს არის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ასეთი ფუნდამენტური ინტერესებია: ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვა, პარტნიორებისა და მოკავშირეების შექმნა, გლობალური გამოწვევებისგან ქვეყნის დაცვა, რაც მოიცავს საერთაშირისო თანამშრომლობის გაღრმავებას, და შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის გაძლიერებას.
ისმის კითხვა: რომელი მიმართულებით გვაქვს დღეს თუნდაც მცირედი წინსვლა? „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებს რომ მშვიდობის სადარაჯოზეა, რომ ქვეყანა გადაარჩინა ომისგან. იმ ომისგან, რომელიც არ გვემუქრებოდა. რუსეთისგან მომავალი რისკები არ არის აბუჩად ასაგდები, ის ყოველთვის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე და შესაბამისად, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ამას მე არ ვუარყობ.
მაგრამ, თუ როდესმე, რუსეთისგან მომავალი ომის საფრთხე საქართველოსთვის იყო დაბალი, ეს დღესაა. სწორედ დღეს, როცა მოსკოვი დაკავებულია უკრაინით და არანაირი არც სურვილი, არც რესურსი არ გააჩნია რომ სადმე მეორე ფრონტზე იბრძოლოს. ამიტომაც არ დაიცვა რუსეთმა არც მისი მოკავშირე სომხეთი და არც მისი მთავარი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში, ასადი.
– უკრაინასთან რუსეთის ომში ჩარულობის გამო მსოფლიო აშკარად შეცვლილია. ვხედავთ, მცირე გამონაკლისი ქვეყნების გარდა ევროპა-რუსეთის დაპირისპირებას რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული აშშ-რუსეთის ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო მსოფლიოს უსაფრთხოების ძველი სისტემა ახალ ფორმას იძენს, ტურბულენციის მაღალი დონის პირობებში, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ისარგებლეს…
– რუსეთის ამ მდგომარეობით და ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ძვრებით, ისარგებლა თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ, ბელორუსისა და საქართველოს გარდა, რათა თავისი პოზიციები გაეძლიერებინა და რუსეთის გავლენა შეემცირებინა.
აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, განამტკიცა თურქეთთან კავშირი და კავკასიაში მთავარ მოთამაშედ მოგვევლინა. აზერბაიჯანულ- თურქული ღერძი დღეს რუსეთის რეალური საპირწონეა.
ალიევმა მოახერხა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების იმ დონეზე დალაგება რომ თეთრ სახლშიც მოხვდა და ზანგეზურის კორიდორიდან რუსები გააძევა და ამერიკელები შემოიყვანა.
რამდენად რეალურია ტრამპის გზის ფუნქციონირება სხვა თემაა, მაგრამ წარმატება სახეზეა. აზერბაიჯანი ბალანსირების პოლიტიკას აწარმოებს, მოკავშირეებსაც იძენს, სტრატეგიული პარტნიორობა აქვს როგორც აშშ-თან, ასევე ჩინეთთან და ქვეყნის გეოპოლიტიკურ წონასაც ზრდის.
სომხეთმაც ისარგებლა აზერბაიჯანთან ომის წაგებით და რუსეთზე დამოკიდებულება შეასუსტა. ფაშინიანმა ისტორიული ვიზიტი გამართა თურქეთში და სომხეთს რეალური შანსი გაუჩინა, რომ მისი რეგიონული იზოლაცია დასრულდეს და ის მთლიანად ჩაერთოს სტრატეგიულ, დამაკავშირებელ პროექტებში. სომხეთი ასევე აქტიურად მუშაობს ინდოეთთან, რომლისგანაც იძენს იარაღს.
საფრანგეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ერევანი უმოკლეს დროში, სერიოზულად დაუახლოვდა ევროკავშირს, ისე რომ არც ირანთან გაუფუჭებია, ტრადიციულად მჭიდრო, ურთიერთობა. ბრიუსელის თვალში, სომხეთმა ჩაანაცვლა საქართველო, როგორც ახლო მოკავშირე კავკასიაში. სომხეთის საგარეო პოლიტიკა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მრავალმხრივი დამოკიდებულების პოლიტიკა.
სერიოზული შეზღუდვებისა და გამოწვევების ფონზე, სომხებმა ერთ მოთამაშეზე დამოკიდებულება, ანუ რუსეთზე, ჩაანაცვლეს მრავალზე დამოკიდებულებით და სწორედ ასე ცდილობენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ყოველ შემთხვევაში ხედვაც ნათელია და შედეგიც არის. სულ ახლახანს მათაც გააფორმეს ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულება.
– ამ პროცესების ფონზე საქართველოს რა მიღწევები აქვს საგარეო პოლიტიკაში?
– არსებული პარტნიორები და მოკავშირეები დავკარგეთ. აშშ-სთან არც სტრატეგიული და არც არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტიდან საქართველო მთლიანად ამოვარდნილია და უკვე არსად, არც ერთ დონეზე, ჩვენ უკრაინისა და მოლდოვის გვერდით აღარ მოვიხსენიებით, ევროსაბჭოდან გარიცხვის პირას ვართ, ნატოს საერთოად აღარ ვახსოვართ და ასე შემდეგ.
ამის სანაცვლოდ, არც არავისთან არ გაგვიბია სერიოზული კავშირები. ჩინეთს ბევრს ეფერება „ქართული ოცნება,“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩააბარა, მაგრამ ჯერ არც დიდი ინვესტიცია ჩანს მათგან და არც დიპლომატიური მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ არც ტრამპის ვახშამზე მიიწვიეს, მიუხედავად იმისა რომ სულ დიპ სტეიტს გაჰყვირის, და არც სი ძინპინის პარადზე.
ყველაზე დიდი, რასაც მიაღწიეს არის მარია ზახაროვას კომპლიმენტები. ზახაროვაზე მაღლად მდგომს რუსეთიც არ იმეტებს „ოცნებისთვის,“ იშვიათი გამონაკლისის გარდა.
ამას თავისი მიზეზი აქვს. წარუმატებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შიგნით ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერც გარეთ ვერაფერს აღწევს, არავის პატივისცემას არ იმსახურებს. განსაკუთრები ხელ-წამოსაკრავი სწორედ, ავტორიტარული, ტრანზაქციული ძალებისთვის ხდება. ასე რომ, ორ ფეხზე ამაყად მდგომი კი არა, „ქართული ოცნება“ დღეს „კოჭლი იხვის“ პოზიციაშია.
ერთადერთი ძალა, რომლისთვისაც საქართველოს სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა, მხოლოდ მისი დემოკრატიულობიდან გამოდინარე, იყო ევროკავშირი. ბრიუსელი ჩვენგან მეტს არაფერს ითხოვდა. საკუთარი მოქალაქეების პატივისცემას, სამართლიანობას და დემოკრატიულ მართველობას ითხოვს გაწევრიანების პირობად. არც დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგია და არც შიდა საქმეებში არ ერევა.
ჩარევა რომ ნდომოდა, დღეს „ქართული ოცნება“ თავს მთავრობად არ წარმოიდგენდა. აი ამ ევროკავშირს, დღეს ჩვენ თურმე მოთმიმებით ვიტანთ, როგორც პაპუაშვილი ამბობს.
მოკლედ, ასეთი უვექტორო არც საგარეო ასპარეზზე და არც შიგნით, საქართველო ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. დღეს „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებს რომ სახლემწიფო უსაფრთხოებას იმით იცავს რომ მზია ამაღლობელი ციხეში ყავს გამოკეტილი. ქვეყნის სიყვარული დანაშაულად აქცია და პოლიტიკური მძევლებით ამოავსო ციხეები.
მიმდინარე გლობალური ცვლილებები ბევრ შესაძლებლობას უხსნიდა ჩვენს ქვეყანას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა რომ ეს შესაძლებლობები არ გამოეყენებინა და მსოფლიო რუკიდან გულდასმით ამოშალა.
„ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი