უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, რათა გრძელ ვადაში გააგრძელოს უკრაინაში ომი.
როგორც ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, რუსეთის ფედერაცია იარაღის ნაკლებობას განიცდის, პაუზა კი მას შესაძლებლობას მისცემს რომ ეს მარაგი შეივსოს.
“ბრძოლის ველზე პაუზა არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას ჩვენ გვესმის ის მოცულობა, თუ რასაც რუსეთი აწარმოებს დღეს. ვიცით რა რაოდენობის დრონებსა თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველ დღე. ასევე ვხედავთ რა აკლიათ – მათ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებისა და საარტილერიო ჭურვების. დიდი დეფიციტი… ეს პაუზა არ გაყინავს კონფლიქტს, ეს პაუზა მათ უბრალოდ დაეხმარებათ. მათ დრო არ აქვთ”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, უკრაინას ახლა მთელი მსოფლიო ეხმარება, სანამ რუსეთი მის შესაძლებლობებს ბოლომდე ხარჯავს.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, უკრაინა მაშინ შეძლებს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვასა და მშვიდობის მოპოვებას, როცა ომს მოიგებს. მისივე განცხადებით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურნეს მართავს. გუშინ იგი ლიეტუვას ეწვია, დღეს ესტონეთში იმყოფება, ხოლო ხვალ აპირებს რომ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩავიდეს.
იხილეთ ასევე:
· “უკრაინამ უნდა მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს” | ესტონეთი 1,2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს