“აფხაზეთიდან ვარ დევნილი. ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ჩემი ოჯახისთვის. არც ბინა მოუცია, როგორც დევნილისთვის. ახლა უნდათ, რომ სახლი და ნივთები წაგვართვან?”

დღეს, 26 სექტემბერს, სახლში, სადაც „დროას“ წევრი, ნათია ლეთოდიანი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა და განუცხადა, რომ 5000-ლარიანი გადაუხდელი ჯარიმის გამო, მისი ნივთების დაყადაღებას აპირებენ.

„ბათუმელები“ ამ თემაზე ნათია ლეთოდიანს ესაუბრა.

„ჩემი ბებია-ბაბუის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დაგვადგა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი და გვითხრა, რომ უნდა დაიწყონ ნივთების დაყადაღება, რადგან არ გადავიხადე 5000-ლარიანი უკანონო ჯარიმა, რომელიც ბათუმში, ზებრაზე გადასვლის გამო დამიწერეს.

დან ვარ დევნილი. ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ჩემი ოჯახისთვის. არც ბინა მოუცია, როგორც დევნილისთვის. აფხაზეთის ომის შემდეგ, რუსთავში ბებია-ბაბუასთან ჩამოვედით და, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე.

ახლა უნდათ, რომ სახლი და ნივთები წაგვართვან?

ჩემს საკუთრებაში არაფერია – არც სახლი, არც მანქანა და არც სხვა რაიმე საოჯახო ნივთი. სხვისი ნივთები უნდა აღწერონ და გადასცენ აღსრულების პოლიციას?

ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რუსულ რეჟიმს ვებრძვით, ეს არ არის ფარატინა სიტყვები, მართლა რუსულ ტერორში ვცხოვრობთ და ახლა სახლიდან მაცივრის, სკამის და სარეცხი მანქანის გატანით უნდათ, რომ შეგვაშინონ? რაღაც ხელოვნურად შექმნილი კანონებით მოიგონეს ტერორის ახალი სახეობა. ჯერ სახის ამომცნობი კამერები დაგვიყენეს რუსთაველზე, მაგით რომ ვერ შეგვაშინეს, მერე ჯარიმებზე გადავიდნენ და ახლა ოჯახებში შემოგვივარდნენ.

რუსი მაროდიორები რომ იქცეოდნენ ხოლმე და რაღაცები გაჰქონდათ სახლებიდან, ისე იქცევიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.

მისი თქმით, აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ დღეს გაფრთხილების დოკუმენტზე უნდა მოეწერა ხელი, ნივთების აღსაწერად კი ორშაბათს მოვლენ.

„მე, რა თქმა უნდა, არ მოვუწერე ხელი ადვოკატის გარეშე. არც ამ ხელისუფლებას ვაღიარებ და არც მათ რეპრესიულ კანონებს. სახლშიც გაუფრთხილებლად დამადგნენ თავზე.

აბსურდის თეატრია მართლა. აფხაზეთიდან წამოსული, დევნილობაში გაზრდილი ადამიანი უნდათ, რომ დამატერორონ“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.

მისი თქმით, 5000-ლარიანი ჯარიმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ზებრაზე გადასვლის  გამო გამოუწერა პოლიციამ. საქმე განიხილა ს საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ნათია ლეთოდიანი არ დასწრებია.

„მე მხოლოდ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი, ჩემს სასამართლოზე არ მივსულვარ. თებერვალში განიხილა სასამართლომ ეს საქმე, მაისში კი დამიყადაღეს საბანკო ანგარიშები“, – ამბობს ნათია ლეთოდიანი.

ნათიას მამა, კობა ლეთოდიანი, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავდა. მას საპროტესტო აქციების დარბევის დროს თვალი დაუზიანდა, რის გამოც მთლიანად დაკარგა მხედველობა.

ნათია ლეთოდიანი პარტია „დროას“ წევრია, რომლის ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის – „რუსული ოცნება“.

დღეს კი, „დროამ“ განცხადება გაავრცელა მისი წევრის, ნათია ლეთოდიანის საცხოვრებელ სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლის მისვლასა და ქონების აღწერაზე.

წყარო