ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 19 ქართველი ჟურნალისტის საქმე, რომლებიც 2023 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაზარალდნენ. ამ ინფორმაციას “მედიაომბუდსმენი” ავრცელებს.
“საქმე “კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები”, – აცხადებენ “მედიაომბუდსმენში”.
ორგანიზაციის ცნობით, დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული 4 ფუნდამენტური უფლებების დარღვევას:
· სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
· გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
· შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
· სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, არცერთი მოძალადე პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი.




