ლელა ჯეჯელავა – თუ გავითვალისწინებთ ბოლო მოვლენებს, აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების რეალიზება როგორ ხდება ცენტრალურ აზიაში, მგონია, ასეთი შანსი, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, შეიძლება ასწლეულები არ ჰქონდეს – დანაშაულია ამის ხელიდან გაშვება

თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდის მოვლენებს, შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების რეალიზება როგორ ხდება ცენტრალურ აზიაში, მე მაინც მგონია, რომ ასეთი შანსი, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, შეიძლება ასწლეულები არ ჰქონდეს, ამიტომ დანაშაულია ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეროვნულ მანტიაში შემოსილმა“ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკა გაატარა, რომელიც საქართველოს მთავარ ინტერესებს აზიანებს.
„ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეა ახლა ძალიან პოპულარულია როგორც რუსეთში, ასევე ჩინეთშიც. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ, ეტყობა, ყაველაშვილმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, რაღაც ახალი კონტურები ჩნდება, მაგრამ ერთი, რაც ცნობილია ამ მოცემულობით, იმ მაგიდასთან, სადაც საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირება მოხდება, ვეღარ დაჯდება, როგორც სუბიექტი, რომელიც ამას განსაზღვრავს იმიტომ, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მან შეძლო ე.წ. ძალიან „დერჟავიკული” პოლიტიკით ის, რომ თავისი ეკონომიკური მდგომარეობით, მათ შორის, პოლიტიკურითაც, გამხდარიყო ჩინეთის პროქსი ქვეყანა. ში ომიც კი ჩინეთის პოზიციებზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს და როგორ შეძლებს გაგრძელებას.
რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, არ არის ისეთი მარტივი, როგორც „ქართულ ოცნებას” წარმოედგინა. ჩინეთის სტრატეგიისათვის ჩვენ მხოლოდ ევროპასთან ბმაში ვართ საინტერესო. მარტო საქართველო, კავკასიის რეგიონში რაღაც გუბედ დარჩენილი, არავის არ სჭირდება.
თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდის მოვლენებს, შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების რეალიზება როგორ ხდება ცენტრალურ აზიაში და ცენტრალური აზია არაფერია კავკასიის რეგიონის გარდა და აქაც ვიცით, რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებაში, მე მაინც მგონია, რომ ასეთი შანსი, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, შეიძლება ასწლეულები არ ჰქონდეს, ამიტომ დანაშაულია ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება.
მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ პოლიტიკური ვექტორი ქვეყნის თვითმიზნად გამოცხადდეს. პოლიტიკური ვექტორი ქვეყნისთვის არის თავისი ინტერესების რეალიზების საუკეთესო შესაძლებლობა და არავინ იცის, რომელ დროში და რა ვითარებაში როგორ იქნება შესაძლებელი საქართველოს ინტერესების რეალიზება ყველაზე უკეთესად, მაგრამ ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, დღევანდელი კატაკლიზმების პირობებში, რაც თანამედროვე მსოფლიოში ხდება, ჩვენი ადგილი მართლა არის ევროპაში, მართლა არის ევროპულობა ჩვენი ცივილიზაციური და კულტურული იდენტობის ნაწილი, გარდა ამისა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტია.
პროევროპულ და პრორუსულ დაპირისპირებაში თითქოს „ქართული ოცნება” ვითომ ეროვნული ძალა გამოჩნდა, მაგრამ ეს არის სრულიად არასწორი იმიტომ, რომ ამ ვითომ ეროვნულის მანტიაში სრულიად არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკა გაატარა, რომელიც არის საქართველოს მთავარი ინტერესების დამაზიანებელი”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.