აშშ-ს მიერ ბიტკოინის ETF-ის დამტკიცება აცამტვერებს პროპაგანდას, რომ ბიტკოინი „ბაბლია“ – ლევან ბოძაშვილი

-ს მარეგულირებლის მიერ ბიტკოინის ETF-ის დამტკიცება „აცამტვერებს“ ბევრი ექსპერტისა და ბანკირის, მათ შორის საქართველოში მაღალ თანამდებობაზე მყოფი ყოფილი პირების პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინი „ბაბლია“, – ამის შესახებ კომერსანტთან საუბრისას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში კრიპტო სიმდიდრის მართვის ფონდ Yield App-ის რეგიონულმა დირექტორმა და კრიპტო იურისტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიტკოინი რომ „ბაბლი“ იყოს, მას აშშ-ს მარეგულირებელი არ დაამტკიცებდა.
„ბიტკოინის ETF-ის დამტკიცება აცამტვერებს ძალიან ბევრი ადამიანის – ექსპერტის, ბანკირის, თუ ფინანსურ სფეროში მყოფი ადამიანის მიდგომას, აღქმას და პროპაგანდასაც, მათ შორის, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტა არის „ბაბლი“. თუ ის „ბაბლია“, ბუნებრივია, მას ამერიკის მთავრობა ლეგიტიმაციას არ მიანიჭებდა. მათ შორის საქართველოშიც არიან მაღალ თანამდებობაზე მყოფი ყოფილი პირები, მათ შორის ფინანსურ სექტორში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კრიპტოვალუტა არის „ბაბლი“. იგივე ეხება ევროპული და ამერიკული ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც სენატსა და კონგრესში და ევროპარლამენტსა და ბრიტანეთის პარლამენტში ამტკიცებდნენ, რომ კრიპტოვალუტა არის „ბაბლი“ და არასასურველი საინვესტიციო აქტივი,“ – ამბობს ლევან ბოძაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ბიტკოინის სავაჭრო ფონდები, იგივე ETF-ი დაამტკიცა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა კრიპტო ინდუსტრიაში. ლევან ბოძაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც ამერიკის მთავრობა ამტკიცებს და ლეგიტიმაციას აძლევს საინვესტიციო პორტფოლიოში ბიტკოინის ჩართვას, ეს ამ ტიპის ინვესტირების დაცულობას და მომგებიანობის ხარისხს ძალიან ზრდის და ამცირებს რისკებს, რადგან კრიპტოაქტივების გარანტორები მსხვილი კომპანიები ხდებიან.
„თქვენ იცით, რომ კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მისი ვოლატილობა და თუ ადამიანი მასში კარგად არ ერკვევა, ის რისკავს თავის საინვესტიციო აქტივებს. როდესაც ამერიკის მთავრობა ამტკიცებს და ლეგიტიმაციას აძლევს საინვესტიციო პორტფოლიოში ბიტკოინის ჩართვას, ეს ამ ტიპის ინვესტირების დაცულობას და მომგებიანობის ხარისხს ძალიან ზრდის.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ ETF-ის დამტკიცებით კომპანიები, რომლებიც მისი განმახორციელებლები იქნებიან, ერთგვარი გარანტორები ხდებიან, რომ არ მოხდება სხვადასხვა აქამდე არსებული რისკების გამეორება. მაგალითად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვნახეთ დიდი რყევები კრიპტო ბაზარზე, განსაკუთრებით კერძო კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებით. გაკოტრდა ერთი, მეორე კრიპტობირჟა. ამან გამოიწვია მომხმარებელთა დიდი აქტივების დაკარგვა. ამ შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ეს გამორიცხულია. ეს ტრადიციული ბიზნესია. აქციები დამტკიცდება ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა ნიუ იორკის საფონდო ბირჟა, NASDAQ-სა, ჩიკაგოს ბირჟა და ა.შ.“, – განმარტავს ლევან ბოძაშვილი.
მისი თქმით, ETF მანამდეც იყო დამტკიცებული ევროპასა და კანადაში, მაგრამ „ამერიკის ბაზარი აბსოლუტურად განსხვავებული, მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალის ბაზარია და, შესაბამისად, ამერიკის მიერ კრიპტოვალუტის საინვესტიციო ლეგიტიმაცია მოახდენს კრიპტოვალუტაში ძალიან დიდ, როგორც კერძო, ისე ინსტიტუციურ საინვესტიციო კაპიტალის შედინებებს და, შესაბამისად, მოხდება კრიპტოვალუტის ფასის ზრდა. იმიტომ არის, რომ პრაქტიკულად ყველა პროგნოზი, რომელიც არსებობს, ბიტკოინის ფასის 100 000-დან 200 000-მდე ზრდას ვარაუდობს. ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, რევოლუციური ნაბიჯია, რომელიც ამერიკის მთავრობამ განახორციელა და გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანი იქნება ინდივიდუალური მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით საინვესტიციო კორპორაციებისთვის, ამავე დროს, ზრდის კრიპტოვალუტისადმი მარეგულირებლების მხრიდან დაცულობის და თვალყურის დევნების ხარისხს“, – ამბობს ლევან ბოძაშვილი.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ მოსახლეობის ცნობადობა გაიზრდება და გამარტივდება კრიპტოვალუტასთან წვდომა, რაც გაზრდის კრიპტო მომხმარებელთა რაოდენობას, რაც საერთო ჯამში ბიტკოინის ფასის ზრდაზე აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ