“ჩემი ბრძოლის ადგილი ახლა რუსთაველის გამზირია” – აფგან სადიგოვი 5 თვეა საქართველოდან ვერ გადის

თბილისში რუსთაველის გამზირზე, ყოველ საღამოს, საქართველოს მოქალაქეების გვერდით, საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფონზე დგას ადამიანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში – აზერბაიჯანში კრიტიკული ხმა წლების წინ დაუხშეს და ქვეყნიდან ოჯახით წასვლა აიძულეს.
„17 აპრილის შემდეგ ჩემი ბრძოლის ადგილი აქაა. სანამ აქ ვარ, აქედან გავაგრძელებ ბრძოლას უსამართლობისა და დიქტატურის წინააღმდეგ“ – ამბობს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში რეჟიმის მიერ დევნის გამო, მოგვიანებით საქართველოშიც დააპატიმრეს. უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც სადიგოვი “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სამართლებრივი დახმარებისა და ძალისხმევის შედეგად საქართველოს ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ამ დრომდე ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის ყოველდღიურად დგას თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე, იქამდე პერიოდულად ბათუმშიც ჩადიოდა – მზია ამაღობელის სასამართლო პროცესებზე დასასწრებად.
„პირადი კეთილდღეობა არასოდეს მაინტერესებდა, სანამ აქ ვარ და არ მაძლევენ საქართველოს დატოვების უფლებას და ოჯახთან გამგზავრებას ევროპაში, ვიბრძოლებ ყოველდღე დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. აქციებზე ვდგავარ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ეს ის მცირე რამაა, რაც ამ პირობებში შემიძლია,“ – ამბობს ის.
სადიგოვი ამჟამად თბილისის გარეუბანში ქირით ცხოვრობს. ამბობს, რომ ახლა უმუშევარია, თუმცა “შიმშილით არ ვკვდები. ლუკმა პურის გარეშე რომც ვიყო, ეს სულ არ მადარდებს. პირად კეთილდღეობაზე არასოდეს მიფიქრია. შეიძლება მიზანიც ეგ აქვთ, რომ უმუშევარი და გამოუვალ სიტუაციაში მყოფი ვითხოვ, რომ გამიშვან ქვეყნიდან”.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული მოქალაქეები, ამბობს, რომ ურთიერთობა თითქმის არავისთან აქვს.
“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ემიგრანტებთან ურთიერთობა არ მაქვს – ალბათ, მათთვისაც დამატებითი საფრთხეა ჩემთან კომუნიკაცია. პრინციპში არც ვიცი, ვინღაა აქ დარჩენილი [მუხთარლის გატაცების შემდეგ, ნელ-ნელა ყველა გავიდა აქედან]. სამაგიეროდ, გავიცანი ადგილობრივები, ვისთანაც ახლა ქუჩაში ბრძოლა მაკავშირებს,“ – ამბობს სადიგოვი.
პირადი უსაფრთხოება
“რა თქმა უნდა, ლამის ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ რომ არ ვარ მარტო და მადევნებენ თვალს, მაგრამ არც ესაა პრობლემა, შევეჩვიე, დაე მიყურონ, სად ვარ და რას ვაკეთებ”.
აზერბაიჯანისა და საქართველოს შედარება
“აქ ჯერ კიდევ არ არის დაკარგული იმედი განსხვავებით აზერბაიჯანისგან, სადაც ალიევზე ცუდის გაფიქრება, პროტესტი და დემოკრატია სიზმარშიც კი ისჯება. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში დავაგვიანეთ. აქ კი, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს დიქტატურის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ არის გადარჩენის შანსი ივანიშვილის რეჟიმისგან, რომელიც კლავს – როდესაც ვამბობ,”კლავს”, აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით – ივანიშვილი კლავს ყველაფერს გარშემო – დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, საქართველოში ცხოვრების სურვილსაც კი უკლავს ადამიანებს,“ – ამბობს სადიგოვი.
სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობაზე
„ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა კარგია, ომი – ცუდი. არავის უნდა ომი, არც მე. მაგრამ ცხადია ის, რომ როცა ალიევს ინტერესი აქვს, მაშინ იქნება მშვიდობაც და მაშინ იქნება ომიც; მთლიანად საკუთარ ინტერესებზე აქვს აწყობილი სამშვიდობო დღის წესრიგიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში ყველაფერი დანარჩენი. ყველა დონეზე კორუფციასა და სიღარიბეში იხრჩობა დღეს აზერბაიჯანი. დასავლელი პარტნიორები კი, თვალს ხუჭავენ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რადგან აზერბაიჯანი მათ გაზს აწვდის.“
აფგან სადიგოვს 2025 წლის 17 აპრილს აღკვეთის ღონისძიება 5 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს და საპატიმროდან, სადაც ნახევარ წელზე მეტი გაატარა, გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აკრძალული აქვს სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. თვითონ სადიგოვს არ აქვს პასუხი, როდემდე დარჩება საქართველოში და როდის მიეცემა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.
ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით იძებნებოდა. ოჯახის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის შეფასებით კი ეს იყო ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნა. პროტესტის ნიშნად სადიგოვმა ციხეშ 161 დღე იშიმშილა.