“ქართულ ოცნებაში” აღარ დარჩა ადამიანი, აღარ დარჩა პროფესიონალი, რომელსაც ესმის საერთაშორისო ურთიერთობები. ისინი ისე იქცევიან საერთაშორისო არენაზე, წარმოუდგენელია, ასე არ ხდება, ანომალიურ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო, რომელიც ყველა ნორმალურ, ცივილურ წესებს ეწინააღმდეგება, როგორც მისი კურსით, ისე მისი ლიდერების ქცევით , – ამის შესახებ მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ცუცქირიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების დაბარების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს “ქართული ოცნება” ევროპის ქვეყნების ელჩებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში არ ადანაშაულებდა, როდესაც ისინი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.
მისივე თქმით, იმ პერიოდში “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იყო და საგარეო მხარდაჭერა სჭირდებოდა, ამიტომ ევროპარლამენტი მაშინ “დიფ სტეიტი” არ ყოფილა.
“ქართული ოცნების” ერთადერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში და მუდმივად იყოს იმ კორუფციაში, რომელიც, უკვე ყველამ იცის, რამხელა მასშტაბებს აღწევს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც სჭირდება, ამიტომ ელჩების დაბარების საკითხი, გარდა იმისა, რომ არის უკიდურესად არაკეთილგანწყობილი ჟესტი ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინააღმდეგ, ასევე არის საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებაც, ფარისევლობაც.
“ქართულ ოცნებას” რამდენიმე წლის წინ ეს საკითხები საერთოდ არ აწუხებდა. მე ახლა ვიხსენებ 2011 წელს, როდესაც მათ არ დაუდანაშაულებიათ ევროპელი ელჩები იმაში, რომ ქვეყნის საქმეებში ერეოდნენ იმიტომ, რომ ისინი მაშინ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ოპოზიციას უსამართლოდ ჩაგრავდა. მათ ასევე არ დაუწყიათ უსაფუძვლოდ ვენის კონვენციაზე საუბარი, როდესაც ევროპელი ელჩები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ საქართველოს პასპორტი წაართვეს, ეს არ შეიძლებოდა. მაშინ არ უწოდებიათ ევროპარლამენტისთვის “დიფ სტეიტი”, როდესაც ევროპარლამენტმა ამ საკითხზე დებატებიც კი გამართა. მაშინ ასე სჭირდებოდათ, თვითონ იყვნენ ოპოზიციაში და სჭირდებოდათ საგარეო მხარდაჭერა იმაში, რომ ოპოზიცია არ დაჩაგრულიყო უსამართლოდ, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, ჩვეულებრივი ტყუილი და მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაიხსენონ ის ფაქტი, როგორ საუბრობდნენ ზუსტად გერმანიის ელჩზე ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ლიდერები, როდესაც ისინი იხსენებდნენ, თუ როგორ ესხმოდა გერმანიის ელჩს თავს მიხეილ სააკაშვილის პარტია და როგორ შეიძლება თურმე ამის გაკეთება. თეა წულუკიანი საუბრობდა ამაზე”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაც შეაფასა და რამდენიმე გზავნილს გამოეხმაურა.
ცუცქირიძემ ყაველაშვილის მიერ უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, დიალოგისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ გზავნილებს კონტრარგუმენტებით უპასუხა და ქვეყანაში არსებული ვითარება მოიყვანა მაგალითად.
“რამდენიმე საკვანძო სიტყვა დამამახსოვრდა, ეს იყო უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, დიალოგი და მშვიდობის უზრუნველყოფა. დავიწყოთ მდგრადი განვითარებით და მე მაქვს ასეთი კითხვა მიხეილ ყაველაშვილთან – თუ იცის რას ნიშნავს მდგრადი განვითარება? როგორ შეიძლება მდგრადი განვითარება იყოს ქვეყანაში, სადაც რკინიგზის გვირაბებს ისე აგებენ, რომ შემდეგ მეწყერს მიაქვს სოფლები?! რომელ მდგრად განვითარებაზე ლაპარაკობს ყაველაშვილი, როდესაც სოფელ შუქრუთს მთელი მიწა გამოაცალეს, რათა მადანი ამოეღოთ და ჯიბეში ჩაედო ვიღაცას. რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს ყაველაშვილი, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, ასობით ადამიანი არის ნაწამები და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. რა მშვიდობაზე ლაპარაკობს იმ პარტიის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო ომი ქვეყანაში. ყველას გვახსოვს, როგორ სასიკვდილოდ სცემდნენ ადამიანებს ქუჩებში და ამ მოძალადეებს მერე ღირსების ორდენს მიხეილ ყაველაშვილი გადასცემდა. რა მშვიდობაზე, რა დიალოგზე საუბრობენ ისინი, როდესაც ყველა, ვისთანაც დიალოგი შეიძლება, მტრად გამოაცხადეს”, – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.
