აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს, იტყობინება Bloomberg.
სააგენტომ განიხილა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) ნოემბრის დოკუმენტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი მიესალმება „პრინციპში“ კანონპროექტს, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს.
ამავე ცნობით, ეს აქტივები უკრაინის „აღდგენისთვის“ იქნება გამოყენებული.
თეთრ სახლს ასევე სურს კოორდინაცია გაუწიოს ამ ნაბიჯს G7-ის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები ინახება, წერს Bloomberg.
სააგენტო განმარტავს, რომ ბაიდენის ამ ნაბიჯის მხარდაჭერა მას შემდეგ დაიწყო, რაც რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება დაბლოკეს.