დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. საზოგადოებამ კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, იყო 2012 წელს საშინელი, სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“. კახა კალაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით.
“ძალიან მარტივია პასუხი. ვიცით, ეს ადამიანები როგორ იმართებიან. დანიის ელჩის განცხადება არ მომისმენია, თუმცა ევროპარლამენტარების შემთხვევაში ვიცით, როგორ იღებენ ფულს ლობიზმში. ეს ყველაფერი შენიღბულია ლობიზმით. იმ „რუსული“ კანონით, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღების შესაძლებლობა არის თუ იხდი. ანუ, თუ იხდი, ყველაფერი შეიძლება აკადრებინო ადამიანს, თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც მართლა სამარცხვინოები არიან, კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ. მათ არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ საქართველოსთან მიმართებით, მათ აქვთ თავიანთი ინტერესი და ემსახურებიან თავიანთ ინტერესს. დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი აგრძელებს თავის მოღვაწეობას. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, იყო იმ საშინელი, სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად ჩვენ ყველამ შევძელით. 2012 წელი მაქვს მხედველობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.