ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გაკეთებული.
„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან – ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,” – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს“.