ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა – ვურჩევდი გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც მან თქვა, რომ „ევროპაში საქართველო დაკარგულია“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც „უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში“.
„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა არამხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამო არის ტრაგიკული. არ ვიცი რის დაკარგვაზე საუბრობს, ადამიანმა თავისი ქვეყნის 30% დაკარგა, თავისი მოსახლეობის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40% გაქცეულია ქვეყნიდან და ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა. რთულია წარმოიდგინო, რომ მოქალაქეების ეს რაოდენობა უკან დაბრუნდება. ისინი რამდენიმე წელია უკრაინიდან გავიდნენ, სადღაც დაფუძნდნენ და დიდი ალბათობით იქაც დარჩებიან. ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის. ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, უკრაინა ომშია და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს ან შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველო აერიათ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება თუ ჩამოტანა უნდოდათ საქართველოში, ამას გვიშვრება მისი ხელისუფლება, აქ შეიძლება აიწიოს ნახევარი ქალაქი, იმის გამო, რომ საკუთარი მიზნები აქვს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ.
მე მექნებოდა ორი რჩევა: პირველი, რომ გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი. ქართველ ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, მას თავის დროზე პასუხს გასცემენ არჩევნებზე. და მეორე – გაითვალისწინოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა მით უმეტეს როცა ომშია ქვეყანა, არის ძალიან ცუდი. ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში, ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებსა და ინსტრუმენტებზე მიერთებით, ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზელენსკი იჩენს.
მას თუ მეტი არაფერი ჰქონდა სათქმელი, ის მცირე დრო, რაც გამოყოფილია გაეროს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, გამოეყენებინა კიდევ ერთხელ და საქართველო ეხსენებინა, ესეც აჩვენებს საბოლოოდ, რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპაში საქართველო უკვე დაკარგულია“. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
