ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის “ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა”.
ის კვლავ ირწმუნება, რომ “კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”, რაც მისი თქმით, “დემოკრატიის პრინციპისა და ვენის კონვენციის უხეში ხელყოფაა”, რასაც “რეაგირება სჭირდება”.
“რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს, მათ უნდა დაიცვან წესები, უნდა დაიცვან პრინციპები, ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები. მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში.
[…] ჩვენთან უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ პირდაპირ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც კიდევ ვიტყვი, რომ არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
[…] ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ პრინციპებს, წესებს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა – როგორც პოლიტიკოსს”, – ამბობს კობახიძე.




