დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ რიტორიკა თავისი გუნდის წევრებთან საუბრების შემდეგ შეიცვალა, რომლებსაც უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ემზადებოდა და თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ესაუბრებოდა, რომლებსაც რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ.
ასეთებს შორის დასახელებული არიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და გაეროში აშშ-ის ახალი ელჩი, მაიკ უოლცი, რომლებმაც ტრამპს უთხრეს, რომ “ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია” ბრძოლის ველზე.
ასევე, გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ უკრაინა შეტევას გეგმავს, “რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა დასჭირდება”.
ტრამპის რიტორიკის შეცვლის მიზეზად გამოცემის წყაროები ასევე თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის შემდეგ ზელენსკის ქმედებებს ასახელებენ – კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოთხოვნის მიღებას და აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო მადლიერებას ძალისხმევებისთვის.
წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა, რიტორიკის შეცვლის მიუხედავად, უკრაინის მიმართ პოლიტიკა ჯერ არ შეცვალა, და მისთვის შეიარაღების მიყიდვის დაშვების გაგრძელების მიუხედავად, “ზღუდავს ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის”.
