შალვა პაპუაშვილი გოგა ხაჩიძის განცხადებაზე – ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ, წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე – არ უნდა მივცეთ საშუალება, ძალადობა დათესონ საქართველოში

ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ – წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე, რაც ჩვენ ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც „სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირება/ბლოკირების“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებას, შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს განცხადება „არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად.“
„მომღერლების რადიკალიზაციის ძალიან ცუდი ტენდენციაა – ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი. არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. მეორე მხრივ, ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფია ჩავარდნილი. ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ – წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ვნახეთ 2022 წელს, როცა ზუსტად ეს ადამიანები საქართველოს მეორე მსოფლიო შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ითრევდნენ. როცა ხალხი რუსთაველის გამზირზე იდგა და ითხოვდა, რომ საქართველო ამ ომის ნაწილი გამხდარიყო, შევსულიყავით ესკალაციაში. ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ ან საქართველო ადარდებთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ადარდებთ ძალაუფლება და ამისთვის ყველას და ყველაფერს გაწირავენ. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რადიკალიზაცია და ძალადობა დათესონ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება .
„საქართველოში, 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება (პარლამენტი, კანცელარია, საკრებულო, მერია, სამინისტრო, , გზა, მაგისტრალი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი, ტერმინალი და ა.შ.)
ნებისმიერის! 100 000 ადამიანი ნიშნავს 10 ასეთ ჯგუფს, 200 000 ადამიანი ნიშნავს 20 ასეთ ჯგუფს.
თეორიულად ეგრეა. p.s. 9 X 6 = 54“, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.