ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 11 თვეში 80 მლნ დოლარი მიიღო, ზრდა 6.6%-ია

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, ოქროს ექსპორტიდან საქართველომ მიმდინარე წლის 11 თვეში 80 მლნ დოლარი მიიღო. ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 2023 წლის 11 თვეში, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის მოცულობა უცვლელია და 2.46 ტონას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 13.1%-ით, რაც პირველი წლიური მატებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ანალიტიკოსების მიხედვით, მიუხედავად პოზიტიური წლისა, ოქროს 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ზრდის პოტენციალი დარჩა, რაც ძირითადად განვითარებულ ეკონომიკებში ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების კლებით იქნება გამოწვეული. მთავარი როლი ამ შემთხვევაში ჯერომ პაუელმა უნდა ითამაშოს – -ში შემცირებული ინფლაციის ფონზე ერთი წლის პერიოდში საპროცენტო განაკვეთის 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებაა მოსალოდნელი. დამატებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მომხმარებლის – ინდოეთის მოთხოვნა ოქროზე ჯანსაღად გამოიყურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა (რისი მიზანიც რეზერვების დივერსიფიკაციაა) და შემცირებული მოპოვება, რაც, სავარაუდოდ, 2024 წელს ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის 20 სავაჭრო სესიიდან ოქროს ფასმა 18-ჯერ $2,000-ს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ