საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს. უწყებაში აკრიტიკებენ მინისტერიალის ორგანიზატორთა ამ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არც ელჩი არ მიიღებს.
უფრო მეტიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ადანაშაულებს ქვეყანაში პოლიტიკური სპეკულაციების, “რადიკალური დღის წესრიგის” და პოლარიზაციის წახალისების მცდელობაში.
“დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, რაც ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – წერია საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტერიალში არ მიიწვიეს, თავდაპირველად „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკმა გავრცელა.
სექტემბრის დასაწყისში მაკა ბოჭორიშვილი ასევე არ იყო მიწვეული კოპენჰაგენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილეს. ამ შეხვედრაზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრებთან მიწვეული იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

				
								
								

