მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია – სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირთი ხდება. რეპუტაციული ტვირთია, როგორც მინიმუმ”,- განაცხადა დაუშვილმა.
მან ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების და შესაძლო სანქცირების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სანქცირების საფუძველი თუ იქნება, მოკავშირე სახელმწიფოები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არჩევნების გამო დაბრუნდა, როგორც “ოცნება,” ასევე „ნაცმოძრაობა” მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან, ამიტომ დასჭირდა ივანიშვილს დაბრუნებულიყო. რაც შეეხება იმას, დასანქცირდება თუ არა, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები ნებისმიერი პირის დასანქცირებაზე გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებები აქვთ და საფუძვლები და არა ვინმეს სურვილების მიხედვით. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ფარცხალაძის და მოსამართლეთა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ, როცა ამის საფუძველი ჰქონდათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. თუ საფუძველი არ ექნებათ, რა თქმა უნდა, სანქციებს არ გამოიყენებენ“, – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.