საქართველოს ფოსტაში ამანათის მისამართამდე მიტანის ღირებულება გაიზარდა, ასევე შეცვლილია სერვისცენტრიდან გატანის და რეგიონებში მიწოდების ღირებულება, როგორც საქართველოს ფოსტაში აცხადებენ, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით.
რა გავლენას მოახდენს ცვლილება კერძო სექტორზე, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ კომპანია on way-ს დამფუძნებელმა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ გოგოლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტარიფები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ამასთან გაუქმდა მარტივი გზავნილებიც.
„ფაქტია, რომ on way-ში მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდია მომართვიანობა, ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი სერვისების გამოყენებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კომპანიებშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მომხმარებლებმა დაიწყეს უფრო იაფი ალტერნატიული გზების ძიება, ვინაიდან ის ტარიფები, რასაც საქართველოს ფოსტა დღეს სთავაზობს მომხმარებელს, ძალიან მაღალია, შესაბამისად კერძო სექტორი, რომელსაც აქვს შედარებით დაბალი ტარიფები, ჩართულია ამ პროცესში და ამ ნაკადს გარკვეულ წილად უმკლავდება.“- აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.
თამარ გოგოლაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ფოსტა მომხმარებელს ალტერნატიულ გზებს არ შესთავაზებს, შესაძლოა ბაზარმა ცვლილება განიცადოს და კერძო კომპანიებმა აითვისონ ის პორტფელი, რაც ამ ეტაპზე საქართველოს ფოსტას აქვს.
„ამ რაოდენობის და ამ ნაკადის მიღება ყველა კერძო კომპანიას მოკლევადიან პერიოდში ძალიან გაუჭირდება, რადგან მცირე დროში ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან გაზრდილია მომართვიანობა ის საკადრო რესურსი, რაც გვაქვს ძალიან მცირეა. მოკლევადიან პერიოდში ეს გამოიწვევს ხარისხის გაუარესებას, კარგ შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ ვხედავ, რადგან ვფიქრობ, რომ გაზრდილი მომართვიანობის გამო კერძო კომპანიებიც თავიანთ საფასო პოლიტიკას გადახედავენ.
კარგია, რომ ამ ეტაპზე დრამატული ცვლილება ბაზარზე არაა, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, ჩემი აზრით, თუ საქართველოს ფოსტა გადაწყვეტს დაიბრუნოს ეს პორტფელი და ახალი ტარიფები შესთავაზოს მომხმარებლებს, ეს გარკვეულწილად გამოცდილებას და დიდ კონკურენციას გააჩენს.“ – აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.
თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე ტარიფები ჯერჯერობით არც ერთ კომპანიას არ შეუცვლია, რადგან ეს ცვლილება მყისიერად არ ხდება.
„ეს დღეს და ხვალ შესაძლოა მყისიერად ბაზარზე არ აისახოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სავარაუდოდ გავლენას იქონიებს ელექტრონულ კომერციაზე. მეორეს მხრივ ელექტრონული კომერციის წარმომადგენლები მუდმივად ზრუნავენ, რომ მომხმარებლებს კონკურენტული ფასი შესთავაზონ, სწორედ აქედან მოდის მაღაზიების და მცირე მეწარმეების წყრომა, რომ მათ სჭირდებათ მაქსიმალური მოქნილობა იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივად გახსნილ ფიზიკურ მაღაზიებს,
ჩემი დაკვირვებით ბიზნესი ყოველთვის ახერხებდა გადაწყობას ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ კერძო კომპანიებმაც თავისი როლი უნდა ითამაშონ და გაზარდონ თავისი რესურსები,“ – აღნიშნა თამარ გოგოლაშვილმა.
