რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ესტონეთი საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირმა და 50 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა საშიში ესკალაცია და რუსეთის ქმედებები მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო ახლოს აყენებს.
განცხადება გაეროში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა.
„2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა MiG-31 გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ისინი ნატოს ცაზე 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ, ღრმად შეიჭრნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ესტონეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს საშიში ესკალაციაა – წელს ეს იყო რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა. სამი შეიარაღებული თვითმფრინავი ერთდროულად შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ტალინიდან, ნატოს და ევროკავშირის დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებოდა.
დღეს ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ აღმაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ცოტა ხნის წინ. ეს უფრო ფართო პროვოკაციების ნაწილია, რომელსაც რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ ახორციელებს, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.
რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რაც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო ახლოს აყენებს, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ოდესმე ყოფილა. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობაა საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღდგენისკენ.
ამიტომ, ესტონეთმა გადაწყვიტა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნის შესახებ. მადლობას ვუხდით კორეის რესპუბლიკას, საბჭოს თავმჯდომარეს, სხდომის სწრაფი მოწვევისთვის.
ასევე, ამ შემთხვევას ვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა.
ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკრიტიკოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
19 სექტემბერს ესტონეთმა განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ესტონეთამდე რუსულმა დრონებმა პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
