გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას

გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი მეამბოხეებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები. ნიუ-იორკში, 10 იანვარს გამართულ სხდომაზე, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა.
გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად გმობს სატვირთო გემებზე იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების თავდასხმებს, რაც ხელყოფს საერთაშორისო სამართალს, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
უშიშროების საბჭო მეამბოხეებისგან მოითხოვს 2023 წლის ნოემბერში დატყვევებული იაპონური გემის, Galaxy Leader-ის და მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჰუთების „რევოლუციური კომიტეტის“ ხელმძღვანელმა მოჰამედ ალი ალ-ჰუთიმ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას უწოდა „პოლიტიკური თამაში“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას არღვევს აშშ.
იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
2023 წლის დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების გახშირების გამო, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იწყებს მრავალეროვნულ ოპერაციას, სახელწოდებით Prosperity Guardian. მასში ჩრთული არიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები.
9 იანვარს, ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა წითელ ზღვაში მოიგერიეს იემენელი მეამბოხეების 20-ზე მეტი დრონი და რაკეტა. მეამბოხეთა თანახმად, თავდასხმის ობიექტი იყო ამერიკული გემი, რომელსაც ტვირთი ისრაელში მიჰქონდა.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს