ნინო კალანდაძე – საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრა ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებების მიმღები არის ივანიშვილი, კობახიძემ კი გაეროში ყაველაშვილის გაგზავნით სირცხვილი აირიდა თავიდან, ვერც ერთ სერიოზულ აუდიენციას ვერ მოახერხებდა

კობახიძემ მორიგი სირცხვილი აირიდა თავიდან. მას გაეროში სათქმელი არაფერი ექნებოდა, კრიტიკის საგანი უნდა ყოფილიყო – ის ვერ მოახერხებდა ვერც ერთ სერიოზულ შეხვედრას, ხელის ჩამორთმევაზეც კი უარს ეუბნებიან – რაც შეეხება ყაველაშვილს, ის იმდენად არავინ არაა, მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე ისაუბრებს, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ნაცვლად, ს გამოსვლას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილს დასავლური აუდიტორიისთვის არაფერი აქვს სათქმელი და მისი სიტყვა შინაარსისგან დაცლილი იქნება.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, „მაღალი ალბათობით, გაეროს ტრიბუნაზე „ეფ-ეს-ბე“-ში დაწერილ სულელურ კლიშეებს წარადგენენ, რომ „დიფ სთეითი“ მართავს მსოფლიოს და რომ საქართველოში პაპუაშვილი იცავს სუვერენიტეტს დასავლეთისგან“.
„იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს ტრიბუნა არის ერთი მხრივ, სერიოზული ტრიბუნა და მეორე მხრივ, გაეროს ასამბლეის ფორმატში პარალელურ შეხვედრებს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობებში, მ უბრალოდ მორიგი სირცხვილი აირიდა თავიდან, ჩემი ღრმა რწმენით. მას იქ სათქმელი არაფერი ექნებოდა. ახალს, განსხვავებულს ვერაფერს წარადგენდა და უბრალოდ, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, კრიტიკის საგანი უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, ის ვერ მოახერხებდა ვერც ერთ სერიოზულ შეხვედრას, ხელის ჩამორთმევაზეც კი უარს ეუბნებიან ამასობაში.
ყაველაშვილი იმდენად არარსებული ფიგურაა, მე მგონი, საერთოდ მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ ის რა ენაზე გამოვა. ის რომ ფიგურა იყოს, იმაში დასაძრახი არაფერია, თუ ის აირჩევს, რომ ქართლად ისაუბრებს, მაშინაც კი თუ ის ინგლისურად კარგად ფლობს. თუ არ ფლობს არც ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა. ეს არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. კარგია, თუ ის, ვინც სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს, სრულფასოვნად ფლობს 5-10 და მეტ ენას, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, არც ეს არის განსაკუთრებული პრობლემა. მთავარია, ის სახელმწიფო ინტერესებს ატარებდეს. ყაველაშვილი იმდენად არავინ არაა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე ისაუბრებს. მისი სიტყვა დაცლილი იქნება შინაარსისგან, მას დასავლური აუდიტორიისთვის არაფერი აქვს სათქმელი, ამიტომ არსებით მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე გამოვა,“ – განაცხადა კალანდაძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ფაქტი, რომ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შეხვდა ადასტურებს, რომ „გადაწყვეტილებების მიმღები არის ივანიშვილი და მინისტრთა კაბინეტი არის არაფერი, გარდა იმისა, რომ ფორმალურ სტატუსს ატარებს“.
მისივე თქმით, ივანიშვილთან შეხვედრა, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოთხოვნა იყო, რადგან ისინი „ფორმალობებს ძალიან გამოკვეთილად აქცევენ ყურადღებას“.
კალანდაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ებღაუჭება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობას, რადგან „ის უსაფრთხოების გარანტიებს სწორედ იმ სახელმწიფოს უკავშირებს, რომელიც ამ ეტაპზე მას გვერდში უდგას“.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი და მოკავშირე, თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ საქართველო და მისი მთავრობა, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილიც პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ფუნქციონირებს. ამავდროულად, აშკარაა, რომ ის ინდივიდუალურ გარიგებებში შედის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მას რაღაცნაირად გვერდში უდგანან. თუ გავითვალისწინებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ფორმალობებს ძალიან გამოკვეთილად აქცევენ ყურადღებას, არ გამკვირვებია ბიძინა ივანიშვილის ამ კონტექსტში გამოჩენა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნებოდა სტუმრების ძალიან მკაფიო მოთხოვნა, რომ მათ ფორმალურადაც და საჯაროდაც სწორედ ის პირი დახვდეს, ვინც არის საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გადაწყვეტილებების მიმღები არის ივანიშვილი და მინისტრთა მინისტრთა კაბინეტი არის არაფერი, გარდა იმისა, რომ ფორმალურ სტატუსს ატარებს. მათი გადმოსახედიდან, განსაკუთრებული პატივით მიიღეს სტუმრები, იმიტომ, რომ მათთან გარკვეულწილად ვალში არიან. მთელი მათი ფული იქ არის დაბანდებული, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში ვეღარ გადის და ეს მათთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. დროშები ყოველთვის იკიდება, როცა სახელმწიფო ვიზიტი ხორციელდება, მაგრამ მოგხვდებოდათ თვალში, მთელი ქალაქი გადაჭედილი იყო სტუმარი სახელმწიფოს დროშით. ხაზგასმით, ლოიალობა ფიქსირდებოდა.
არა მხოლოდ კადრები, თვითონ ფაქტი ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ებღაუჭება ამ ურთიერთობას, რადგან ერთი – იმიტომ რომ ვალშია მათთან და მეორე – იმიტომ, რომ მის ფინანსურ ბრუნვას, კაპიტალდაბანდებას თუ შემდგომ რაღაც ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს, ის სწორედ იმ სახელმწიფოს უკავშირებს, რომელიც ამ ეტაპზე მას გვერდში უდგას. მას ალტერნატივა არ აქვს იმ პირობებში, როცა მთლიანად მოწყვეტილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას. მთლიანად შეჩერებულია ყველა ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის, მისი ფინანსური ინტერესების აღდგენასთან დაკავშირებით დასავლეთთან. მას ახლა სჭირდება მყარი მოკავშირემ, რომელიც მეტ-ნაკლებად მისგან არ ითხოვს განსაკუთრებულ დემოკრატიულ წინაპირობებს ურთიერთობაში,“ – განაცხადა კალანდაძემ.