სირიის ხელისუფლებამ, რომელსაც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტად დანიშნული აჰმედ ალ-შარაა ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნების დღედ 2025 წლის 5 ოქტომბერი განსაზღვრა. ინფორმაცია არჩევნების თარიღის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა.
ეს იქნება პირველი არჩევნები ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველი ცნობებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სექტემბერში იგეგმებოდა.
„სანას“ ცნობით, არჩევნები ჩატარდება ყველა საარჩევნო ოლქში. მანამდე სირიის საარჩევნო კომისია აპირებდა არჩევნების გადადებას სუვეიდის პროვინციაში, სადაც 2025 წლის ივლისში შეტაკებები იყო ადგილობრივ დრუზებსა და ბედუინებს შორის და კიდევ ორ პროვიცნიაში, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ „სირიის დემოკრატიული ძალები“.
პარლამენტის 210 წევრიდან 140-ს მოქალაქეები აირჩევენ 70-ს კი პრეზიდენტი ალ-შარაა დანიშნავს. მან 2025 წლის მარტში მოაწერა ხელი გარდამავალი პერიოდის საკონსტიტუციო დეკლარაციას, რომლის თანახმად, გარდამავალი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სამი წელი იქნება.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
სირიაში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ივლისში ჩატარდა. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის იანვარში ახალმა მთავრობამ პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა.
ბაშარ ასადის მმართველობისას პარლამენტის არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ტარდებოდა და ყოველთვის მმართველი პარტია იმარჯვებდა. სირიის ოპოზიცია და დასავლეთის სახელმწიფოები შედეგებს არ აღიარებდნენ.
მოელიან, რომ სირიის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში ფართო დემოკრატიული პროცესის დაწყებას, თუმცა როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დღევანდელ სისტემას აკრიტიკებენ არჩევნებში უმცირესობების წარმომადგენელთა არასაკმარისი მონაწილეობის გამო.
სირიის პარლამენტმა, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა აირჩიონ, ახალი კანონმდებლობის შექმნაზე უნდა იზრუნოს.
ფორუმი
