„ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად დარჩენის შემთხვევაში ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთზე გააღრმავებს, რაც საფრთხეებს კონფლიქტების პოლიტიკაშიც გაიზრდის – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში კონფლიქტების საკითხების მკვლევარი მაია ურუშაძე, რომლის თქმითაც, დასავლეთის ინსტიტუტებისგან დისტანცირება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ასუსტებს.
კონფლიქტების საკითხების მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთი კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, საკუთარ ინტერესებს ატარებს და ამ კონფლიქტებში შუამავლობით ცდილობს საკუთარი გავლენის გაფართოებას.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, მოლდოვასა და უკრაინაში ეს ტენდენცია მკაფიოდ ჩანს.
„მინსკი-1 და მინსკი-2 ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ იქნა ე.წ. დნრ-ის მხარე წარმოჩენილი ისე, რომ უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეფერხებულიყო და მოსკოვს მუდმივი ზეწოლის ინსტრუმენტი ჰქონოდა”.
მისივე შეფასებით, რუსეთს არ გააჩნია წარმატებული მაგალითი, სადაც მისმა შუამავლობამ კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი. პირიქით – საქართველოს 2008 წლის ომი და ყარაბაღის კონფლიქტი ცხადყოფს, რომ სამშვიდობო პროცესები, როგორც წესი, ჩიხში ექცევა.
„ამიტომაც, რუსეთის ეფექტიანობაზე რაიმე პოზიტიურის თქმა რთულია”.
რუსეთის როგორც მედიატორის შესუსტება
ურუშაძის თქმით, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონში შესამჩნევია რუსეთის, როგორც მედიატორის, შესუსტება. მოლდოვის მთავრობა აქტიურად ცდილობს შეამციროს რუსეთის გავლენა ქვეყანაში.
„დემონსტრაციული მაგალითია აზერბაიჯანის შემთხვევა: სამშვიდობო მზაობა ორივე მხარეს ჰქონდა, მაგრამ რუსეთის მედიაციის ფორმატში შეთანხმება ვერ შედგა და საბოლოოდ, ამერიკული მხარის მედიაციით მოხდა ამ მზაობის გაფორმება. ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა,“ – ამბობს ურუშაძე.
დასავლეთის როლი და საფრთხეები საქართველოსთვის
ექსპერტის შეფასებით, სამშვიდობო პროცესებში კონკრეტულ შედეგს მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობით ახერხებენ მხარეები – ევროპაში უფრო მეტია წარმატებული მაგალითები კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციისა.
„ეს ყოველთვის არ არის მყისიერი და შესაძლოა საბოლოო სასურველი სცენარი არ განვითარდეს, მაგრამ ევროპული ლიბერალური ინსტრუმენტების გამოყენებით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გარღვევები მიიღწევა, ვიდრე რუსეთის შუამავლობით,“ – ამბობს ურუშაძე.
მისი თქმით, დასავლეთის ჩართულობის შემცირება ინსტიტუციებისა თუ ქვეყნების სახით, საფრთხის შემცველია.
„როდესაც საქართველოს მმართველი ძალა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული, მას საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარების მცირე შესაძლებლობა რჩება. ასეთ პირობებში საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ბერკეტები. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა კი, კრიტიკულ ზღვრამდეა დასული, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ერთ-ერთზე რჩება რუსეთთან. არც ჩინეთს და არც არაბულ ქვეყნებს არ ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ჩარევის ინტერესი,“ – ამბობს ის.
„რუსულ ორბიტაზე დაბრუნების“ ნარატივის საფრთხე
ურუშაძის თქმით, პროპაგანდისტული ნარატივია ის მოსაზრება, თითქოს რუსულ ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებით კონფლიქტები მოგვარდება.
„პირიქით – რუსეთი ყოველთვის ეცდება არ გადადგას ქმედითი ნაბიჯი და გამოიყენოს როგორც თბილისზე, ასევე სოხუმზე და ცხინვალზე ზეწოლისთვის. მთელი მისი პოლიტიკური ტრადიცია ამას ადასტურებს,“ – აცხადებს ექსპერტი.
მისივე შეფასებით, საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის ძალიან სარისკო ფაზაა – არ ვიცით, რას მოითხოვს მოსკოვი და რა შესაძლებლობა ექნება თბილისს რეალური წინააღმდეგობისთვის და რუსული გავლენების დაბალანსებისთვის.
“თუ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა გაინაღდა, ეს მიმართულება შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს – მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გარკვეული თემები, რომელიც ახლა გაჩერებულია”.
EUMM-ის მისიის შენარჩუნების მნიშვნელობა
ექსპერტი ასევე გამოყოფს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საკითხს, რომელიც დისკომფორტს უქმნის რუსულ მხარეს.
„საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე მუდმივი თავდასხმებისა და კრიტიკის ფონზე მისიის მანდატის გაგრძელების საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,“ – ამბობს ის.
„EUMM-ის გასვლის შემთხვევაში, ერთი მხრივ, ადგილზე უსაფრთხოების რისკები და “რუხი ზონები” გაიზრდება, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონფლიქტების საკითხები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში კიდევ უფრო შემცირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამშვიდობო საქმიანობა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კრიტიკულად შეზღუდულია. ამის აღდგენა შემდეგ დამატებით ძალისხმევას მოითხოვ.,“
მისივე თქმით, საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან „გაქრობა“ ნიშნავს, რომ ადგილზე პროცესებზე სრულ კონტროლს რუსეთი განახორციელებს და მისი შეკავების საერთაშორისო ინსტრუმენტები ქვეყანას აღარ ექნება.




