აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთს „ცუდი შედეგებით“ ემუქრება, თუკი ქვეყანა ქაბულის მახლობლად მდებარე ბაგრამის ავიაბაზას შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს. თალიბანის მმართველობამ ამ წინადადებაზე მანამდე უკვე განაცხადეს უარი.
„თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ავიაბაზას მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება“, – დაწერა ტრამპმა 20 სექტემბერს პლატფორმაზე Truth.
თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა სამხედროების გაგზავნას ობიექტის ხელახლა დასაკავებლად, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ამაზე არ ვილაპარაკებთ“.
მან ასევე აღნიშნა: „ამჟამად ვესაუბრებით ავღანეთს და გვინდა, რომ [ბაზა] დაგვიბრუნონ სწრაფად, დაუყოვნებლივ. და თუ ამას არ გააკეთებენ, გაიგებთ, რას ვაპირებ“.
ტრამპის განცხადებები მოჰყვა მის 18 სექტემბრის გამოსვლას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ბაგრამის დაბრუნებას ავღანეთის თალიბანი მმართველებისგან.
მისი თქმით, ავიაბაზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც თალიბანის მხრიდან აშშ-ის დახმარების საჭიროებით, ისე მისი მდებარეობით ჩინეთის ბირთვულ ობიექტებთან ახლოს.
„ვცდილობთ მის დაბრუნებას, რადგან მათ ჩვენგან რაღაცები სჭირდებათ“, – განაცხადა ტრამპმა ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ბაზა გვჭირდება, არის ის, რომ ის ერთი საათის სავალზეა იმ ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს. ასე რომ ბევრი რამ ხდება“, – დასძინა მან.
თალიბანის მმართველობა, რომელიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, სიღარიბე, ბუნებრივი კატასტროფები, შიდა არეულობა და ტერორისტული თავდასხმები, ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას საერთაშორისო საზოგადოებასთან. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ რუსეთმა დაამყარა ქაბულთან დიპლომატიური ურთიერთობა. დასავლეთის ქვეყნები კი აცხადებენ, რომ ავღანეთმა ჯერ უნდა გააუმჯობესოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, 19 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თალიბანთან მოლაპარაკებებს მართავდნენ ბაგრამის საკითხზე. გამოცემის თანახმად, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ აშშ-ის სამხედროებს ჰქონოდათ ბაზის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც „გაშვების წერტილი“ ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.
ექსპერტების განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ თალიბანის ლიდერები თანახმანი იქნებიან აშშ-ის სამხედრო ყოფნაზე ბაგრამში, ბაზა საჭიროებს სერიოზულ დაცვას, რადგან ის შესაძლოა კვლავ გახდეს „ალ-ყაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების სამიზნე.
ბაგრამის ავიაბაზა, რომელიც ქაბულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ააშენა, ხოლო მოგვიანებით ის გააფართოვა და განაახლა შეერთებულმა შტატებმა. ეს იყო ამერიკის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ავღანეთში და 20-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში ცენტრალური სარდლობის ფუნქციას ასრულებდა.
ბაზა 2021 წლის ივლისში გადაეცა ავღანეთის წინა ხელისუფლებას – რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე აშშ-ის ჯარები დატოვებდნენ ქვეყანას და თალიბანი საბოლოოდ ჩაიგდებდა ძალაუფლებას ხელში.
მას შემდეგ ვაშინგტონი ავღანეთთან მხოლოდ მინიმალურ კავშირს ინარჩუნებს, ძირითადად მძევლების საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში.
ავღანეთი კვლავ იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს განიცდის უცხოური დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვაში.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს ტრამპის მინიშნება, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კვლავ დაიბრუნოს ბაგრამი, თუმცა განაცხადეს, რომ მზად არიან დიალოგისთვის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„იმ პირობებში, როცა აშშ-ს ავღანეთში სამხედროები აღარ ჰყავს, ორივე მხარემ უნდა განიხილოს თანამშრომლობა და შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“, – განაცხადა თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზაკირ ჯალალიმ.
ფორუმი