აქტივისტ ნატა ფერაძის ინფორმაციით, მის სახლთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფერაძის გარდა, სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს”. – წერს ფერაძე.
“აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტ-ინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს”. – წერს მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში.
დამატებითი ინფორმაციის გაგების მიზნით ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ორკ-ქოცები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აქტივისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი აქვს შესხმული.
აქციასთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, შეკრების ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მზად იყო აღეკვეთა აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეების მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.