გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პარტია “ქართული ოცნების” ახლადარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამაზე მან ვრცელი განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომლის ჩანაწერს თავად პარტია ავრცელებს.
“ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან [იწყევლებოდა], შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების საშუალებით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას აგრძელებს. ხანდახან გავიფიქრებ, მე მგონი, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს. სინამდვილეში, მაგიური ძალა კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხი და გუნდიც, რომ მის სიტყვასაც არანაირი ძალა არ აქვს! სწორედ ამიტომ, ამ წყევლას გააგრძელებს”.
მსგავსი ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და მე ველოდები ამ ნაბიჯებს. მეტიც, ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? – ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.
ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება და ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი…”, – ამბობს ის.
გიორგი გახარიამ ს პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებაც შეაფასა. მისი სიტყვებით, “იძულებითი ნაბიჯი იყო ეს გამონათებაც და სააშკარაოზე გამოსვლა”.
“კარგია რომ ძალა მოიკრიბა და ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ბევრი რამ აღიარა: აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა! აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსo. ორს, სამს, ოთხს… მე ხომ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს;
აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება. იმედი მაქვს, ხვდება, ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია. სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არცერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა…”, – თქვა მან.
30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას მანვე თქვა, რომ პოლიტიკაში „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესასრულებლად დაბრუნდა და მისი ნაბიჯი – გუნდის ცდუნებებისგან დაცვას ემსახურება.
„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ VII ყრილობაზე.
ივანიშვილმა განმარტა, რომ „ოპოზიციის განადგურების პირობებში“ „იზრდება რისკები მმართველ გუნდში“ და როცა ოპოზიციასთან დასაპირისპირებლად ძალისხმევა აღარ არის საჭირო – „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“.

ასევე დაგაინტერესებთ