ლაშა დარსალია – საქართველოს მთავრობა რჩება ღია და ერთგული, იმუშაოს პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები

საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ადასტურებს ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ერთგულებას.
„ნება მომეცით გამოვეხმაურო გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტურკის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომ „გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტურია – მაგრამ იგი არ იცავს მათ, ვინც იყენებს გამოხატვას ძალადობისა და სიძულვილის გასაღვივებლად. სულ უფრო მეტი ლიდერი ახდენს გამოხატვის თავისუფლების ინსტრუმენტალიზაციას, რათა დაფარონ საკუთარი ხმები მაშინ, როცა აჩუმებენ მათ, ვინც ეწინააღმდეგება. ეს უნდა დასრულდეს, ყველგან და ყოველთვის.“ ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების ბირთვია, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პოლიციელების შეურაცხოფას, რომლებიც საკუთარ საქმეს ასრულებენ“.
საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა. აქვე, მსურს, დავადასტურო ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ჩვენი ერთგულება, ისევე, როგორც ჩვენი შეუქცევადი გზა ევროპული ინტეგრაციისაკენ, რაც მტკიცედ რჩება და განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კურსს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
„მსურს, გავაკეთო ეროვნული გზავნილები 36 ქვეყნის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ჩემს ქვეყანაში. საქართველო სრულად ერთგული რჩება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანური განზომილებით ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც შეუერთდა ამ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჰელსინკის დასკვნით აქტშია გაწერილი. საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა. იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს, რეაგირება ხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ამასთან, დარსალიამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„მიგვაჩნია, რომ წინასწარი უსაფუძვლო შეფასებები და ვარაუდი, რომლებიც ასახულია განცხადებაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიში ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის მხრიდან, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, თავდასხმებისა და სპეკულაციების სამიზნე გახდა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. შიდა საარჩევნო პროცედურების ვადების გათვალისწინებით, პარტიული სიების წარდგენის დასრულებიდან მეორე დღეს, 2025 წლის 5 სექტემბერს, ეუთო/ოდირს გაეგზავნა ოფიციალური მოწვევა, რომელიც ადასტურებდა სრულ მზადყოფნას, მისი მანდატის ეფექტურად განხორციელებისთვის შეექმნა ყველა საჭირო პირობა. სამწუხაროდ, მოწვევაზე უარი მივიღეთ. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტაციისა და რეგისტრაციის პროცესი ღიაა და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები, გადიან რეგისტრაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ლაშა დარსალიას სიტყვით გამოსვლის შესახებ პრესრელიზს სამინისტრო ავრცელებს.