ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ქართლოს ჯალაბაძე სასამართლოზე – რატომ ვზივარ აქ? დაკავებულებიდან მხოლოდ ორს ვიცნობ, გორიდან არიან, თუმცა მათი ნომერიც კი არ მაქვს – ნალაპარაკები ხომ უნდა მქონდეს?

გამოძიება მედავება, 2022 წელს შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფიო. ამერიკიდან საქართველოში კი 2023 წელს ჩამოვედი, – ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულმა ქართლოს ჯალაბაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დაკავებულებიდან მხოლოდ ორს იცნობს, თუმცა, მათთანაც არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.
„გიორგი ქავთარაძეს და ბორის გოგიჩაიშვილს ვიცნობ, მათი არც ნომერი მაქვს, მხოლოდ ჩვენი ქალაქიდან – გორიდან ვიცნობ. რატომ ვარ აქ, რატომ ვზივარ? წარმოუდგენელია ჩემი აქ ყოფნა, არც „ნარეკი“ მაქვს ვინმესთან, არც შეტყობინება გამიგზავნია. ამ ორ ადამიანთან ზარიც კი არ განმიხორციელებია, ან ნალაპარაკები ხომ უნდა მქონდეს? დანარჩენებს არც კი ვიცნობ. აქამდე რატომ არ ამოიღეს და არ ნახეს, მქონდა თუ არა კავშირი?
2023 წელს ჩამოვედი ამერიკიდან. გიორგი კანდელაკი შარშან, ერთი წლის წინ ვნახე, 22 წლის ძმისშვილი დამეღუპა და მის წლისთავზე. ბატონი ბორისი კი სამძიმარზე ვნახე, იმის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ორი თვის წინ გავიგე, ასეთი დაავადება აქვს და თურქეთშიაო, იქნებ გამომძიებელმა ჩახედოს საქმეს“, – განაცხადა ჯალაბაძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.