მაია კოპალეიშვილი – დაპატიმრება ხოშტარიას არ აურჩევია, ეს ნორმების დიქტატორული განმარტებაა – რაც შეეხება კორუფციას, ახლა გვეუბნება კობახიძე, რომ ყველა დაისჯება? საკუთარი თავით უნდა დაიწყოს, რადგან „ქართული ოცნების“ პერიოდში ხდება მოქმედება

“ქართული ოცნება”, როგორც დიქტატორული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, სამართალს განმარტავს მისი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად და სამართლებრივ ნორმებს იყენებს მისი პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად, კონკრეტულად კი იმისათვის, რომ სწორედ პოლიტიკური ლიდერები ჩამოაცილოს პროცესებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, მაია კოპალეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მისი კოალიციის დაპატიმრებულ ლიდერებთან დაკავშირებით განაცხადა.
კოპალეიშვილის თქმით, პატიმრობა ელენე ხოშტარიას არ აურჩევია.
მისი განმარტებით, ხოშტარიასთვის შეფარდებული პატიმრობა არის “ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული სამართლებრივი ნორმები.
“საარჩევნო კოდექსის ორგანული კანონი ზუსტად განსაზღვრავს, რომ საარჩევნო ატრიბუტიკის დარღვევაზე უნდა მოხდეს არა სისხლისსამართლებრივი სასჯელის, არამედ სახდელის დაკისრება, ანუ აქედანვე უნდა ითქვას, რომ დაპატიმრება ელენე ხოშტარიას კი არ აურჩევია, როგორც ამას საზოგადოებაში “ქართული ოცნება” უკეთებს გენერირებას, არამედ ეს არის მათ მიერ საზოგადოებაზე თავს მოხვეული სამართლებრივი ნორმების დიქტატორული განმარტება, იმიტომ, რომ ზუსტად ისე იყენებენ ამ ქცევის წესებს, როგორც მათ აწყობთ და არა როგორც რეალური შინაარსია. სისხლისსამართლებრივი ნორმები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმ ქმედებების მიმართ, რომელზეც კონკრეტულად არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და რომელიც, თავის დროზე, კანონმდებელმა გამიჯნა”, – განაცხადა კოპალეიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიციის წევრები ყოველთვის დადიან აქციებზე, არიან ხალხის გვერდით, შესაბამისად, 4 ოქტომბერსაც აპირებენ აქციაზე მისვლას, თუმცა, კოპალეიშვილმა არ იცის, კონკრეტულად რა “სიურპრიზებს” ჰპირდება “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” და რას ნიშნავს “მშვიდობიანი რევოლუცია”, რადგან, მისი განმარტებით, კოალიცია არ არის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული.
“ჩვენ არ ვართ ორგანიზაციულ ნაწილში ჩართული, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, ამდენად, ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, თუ სად ვიქნებით 4 ოქტომბერს, ჩვენ ყოველთვის ვართ ხალხის გვერდით, ყოველდღე დავდივართ აქციებზე და, ბუნებრივია, 4-შიც იქნება აქცია და ჩვენ ვიქნებით ამ აქციაზე”, – განაცხადა მან.
მაია კოპალეიშვილი კორუფციის საქმეებზე დაკავებულების საკითხსაც შეეხო და ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერი დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პირველ რიგში სახელისუფლებო გუნდი და უნდა დაისაჯოს, რადგან, როცა მსგავსი მასშტაბის დანაშაული ხდებოდა, ის მაშინაც მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა.
“ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენლის და, მათ შორის, ბატონი კობახიძის რიტორიკის სამიზნე ყოველთვის არის მისი ამომრჩეველი იმიტომ, რომ სხვა პარტიების ამომრჩეველმა კარგად იცის, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”. გამოდის, რომ სახელმწიფო აქამდე არ არსებობდა იმიტომ, რომ თურმე ს წინ გაახსენდათ, რომ კორუფციის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ და ამ დროს ის მოქმედება, რომლის გამოც, ორი დღეა, ლაპარაკობენ მათი სპიკერები, ეხება იმ პერიოდს, როდესაც ისინი მთელი ძალით თავს იწონებდნენ მათ მიერ გატარებული სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით. აღმოჩნდა, რომ იმხელა დონის ფულის გათეთრება მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დარეგისტრირდა და რომელსაც გვეუბნებიან, ამის უკან, ბუნებრივია, არის უამრავი სხვა შემთხვევა, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და არ არის გამოძიებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩამოშლილი, არ ფუნქციონირებდა და არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა, რომ ეს თავის დროზე აღმოეჩინა და ახლა გვეუბნება კობახიძე, რომ ყველა დაისჯება? ვინ დაისჯება, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი? ეგ არის მთავარი პერსონა? თავად “ქართული ოცნების” პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ზუსტად მაგ პერიოდში თავად პარტიის თავმჯდომარე იყო, საკუთარი თავის დასჯით უნდა დაიწყოს პირველ რიგში”, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება