სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

ალია ექსკლუზიურად გიამბობთ სკანდალურ სასამართლო პროცესზე და სიმართლე გითხრათ, იმდენად გამაოგნებელია ფაქტები, რასაც გავეცანი, რომ მუშაობის პროცესში ჯერ საკუთარი ძალებით ვეძებე მსგავსი პრეცედენტი, შემდეგ კი, არაერთ უფლებადამცველს მივმართე კითხვით, ხომ ვერ გაიხსენებდნენ ქართული სასამართლო რეალობიდან მსგავს საქმეს – ვერავინ გაიხსენა, პასუხები კი თითქმის მსგავსი იყო: – „წარმოუდგენელია“; „სიგიჟეა“; „ეს ნამდვილად მოხდა?“
ეს უპრეცედენტო და უპრეცედენტოდ წარმოუდგენელი ფაქტი, ნამდვილად მოხდა და ნამდვილად საქართველოში.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ –მ დააკავა საქართველოს მოქალაქე ნ.ა. და დაკავების ოქმში ვკითხულობთ, რომ ნ.ა., რომელსაც საშუალო განათლება აქვს, მხოლოდ ერთ ენას ფლობს და ეს ენა არ არის ქართული. დაკავებული ნ.ა. არ ფლობს ქართულ ენას, დაკავების ამ ოქმს შსს–ს არაერთი თანამშრომელი აწერს ხელს. თუმცა, ადგილზე არ იყო თარჯიმანი, არც დაკავებამდე და არც დაკავების პროცესში, არც დაკავების შემდეგ პირს არაფერი გაცნობია მისთვის გასაგებ ენაზე. საერთოდ არაფერი, არადა, კანონის მიხედვით, დაკავების მომენტში, ბრალდებულად ცნობისთანავე, თუ ნებისმიერი დაკითხვის წინ, ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს ყველა ვარაუდი, ყველა ბრალი, ყველა უფლება.
მეტიც, საქართველოს მართლმსაჯულება უფრო შორს წავიდა, ჩხრეკის დადგენილება ხომ არ გააცნო გასაგებ ენაზე, ხომ აწარმოა ჩხრეკა ისე, რომ არ აცნობა ნ.ა.–ს მის არც ერთ უფლებაზე გასაგებ ენაზე, დაკავებითაც ხომ ასევე დააკავა და ბრალიც ხომ ისე წარუდგინა, რომ თარჯიმანი არც ერთ ეტაპზე არ მოუწვევია, მთელი სასამართლო პროცესი წარმართა თარჯიმნის გარეშე, გაასამართლა და 10 წელიც მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოში, რომელსაც მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უძღვებოდა იგივე განმეორდა, მოსამართლემ წაიკითხა დაკავების ოქმი და რეაგირება არ ქონია, ან უარესი, არც კი წაუკითხავს. და მაინც, ეს არ არის ამ საქმეში ერთადერთი მსხვილი კითხვის ნიშანი.
მოსამართლეების, ძმები ბუგიანიშვილების კარიერული წინსვლა 2011–13 წლებიდან იწყება, ბესიკ ბუგიანიშვილის სახელი ორ ყველაზე გახმაურებ საქმეებს, ე.წ. კაბელების და ციანიდის საქმეებს უკავშირდება. ორივე შემთხვევაში მან პროკურატურის და ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. 2019 წლის იგი დააწინაურეს და უვადოდ აირჩიეს. მისი მეუღლეც სასამართლოს სისტემაში მუშაობს. ვალერიან გუგიანიშვილის სახელთან დაკავშირებულია გიორგი რურუას საქმე, იგი ამ საქმეში ყველა მოთხოვნას დაეთანხმა, რაც პროკურატურამ წამოაყენა. ცნობისთვის, გიორგი რურუა იარაღის უკანანონო ტარებას ედავებოდა პროკურატურა და იგი, შარლ–მიშელის დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა შეიწყალა 2021 წელს. ვალერიან ბუგიანიშვილს მისცეს განსახილველად სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმეც და არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პროკურატურას ამ საქმეში, ყველა პუნქტში დაეთანხმა. ვალერიან ბუგიანიშვილის მეუღლეც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. 2020 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობამ მოსამართლე ვ. ბუგიანიშვილი პოლიტიკური გზავნილების მეშვეობით ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი იმეორებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ გზავნილებს, რაც მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2012–2020 წლებში მოსამართლეების, ძმები ბუგიანიშვილების ხელფასმა ჯამში 974 000 ლარს შეადგენდა.
საქმის მასალების მიხედვით, შსს–ს გამომძიებლების მტკიცებით, მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წყარომ, რომელსაც არ ასახელებენ, მათი თქმით, მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნ.ა. სისტემატიურად ყიდულობდა და ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, შსს ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს ყველა დეტალი, პირის სახელი, გვარი, დაბადების დღე, თვე რიცხვი, სად დაიბადა, ახლა სად ცხოვრობს და ასევე უთხრეს, რომ ეგ ნარკოტიკს ინახავს ავტოფარეხში, საცხოვრებელ ბინაში და პირადადაც, ანუ, ჯიბითაც დააქვს და ჯიბის შემოწმება არ დაგავიწყდეთო.
შსს ამ ოპერატიულ ინფორმაციას, როგორც დადასტურებულ ფაქტს ისე ჰყვება, სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მახინჯი პრაქტიკაა ქართულ სამართლებრივც სივრცეში, თუ ოპერატიული, ანუ წყაროს, ჩიტის მოტანილი ინფორმაცია უტყუარია, რა საჭიროა გამოძიება? სად არის მაშინ უდანაშაულობის პრეზუმცია? შევამოწმეთ და ჯერ კიდევ გუშინ ადგილზე იყო, კანონში და ხომ არავის ამოუღია ბატონებო?
მერე რა, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება 2/2/1276, 2020 წ), რომლის მიხედვითაც, ჩხრეკის შედეგი ჩხრეკის დასაბუთების საფუძველი ვერ იქნება, ანუ, თუ ჩხრეკის შედეგად დადგინდა სამართალდარღვევა, ეს ჩხრეკას ვერ ამართლებს, ჩხრეკას სჭირდება დასაბუთებული საფუძველი. ამავე განაჩენით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც ოპერატიული წყაროს, იგივე „ინფორმატორის“, ანონიმური პირის მოწოდებული ინფორმაციაზე დაფუძნებულია. არაკონსტიტურაც იქნა ცნობილი ამგვარი მტკიცებულების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ უთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს და გამომძიებელიც, რომ მოწმის სტატუსითაა პროცესზე, ამის შეხსენება, მგონია, არ უნდა მჭირდებოდეს.