გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დღეს, 17 სექტემბერს გამოაცხადა სასამართლო სხდომაზე.
პროკურორი ზინიკო ქობალია პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა კი 50 000 ლარის ოდენობის გირაოს.
მომდევნო სხდომა 10 ნოემბერს 11 საათზე დაინიშნა.
„გამოძიება ერთი წელია, დაწყებულია“
დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ გამოძიება დაახლოებით ერთი წელია, მიმდინარეობს.
„ვინაიდან ამ საქმეზე გამოძიება დღეს არ დაწყებულა, ერთი წელია მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი და შეკითხვა გაჩნდა [2024 წლის] ოქტომბერში“, – თქვა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.
ადვოკატი ამბობდა, რომ ბრალდებული მზადაა თანამშრომლობისთვის: „როგორც გასული ერთი წელი ვთანამშრომლობდით, ისე ვითანამშრომლებთ“, – თქვა მან.
„ამასთან ფული მოჰქონდა ვიღაცას“ – ადვოკატი
„უკაცრავად, მაგრამ 2022 წლიდან 2024 წლამდე ადამიანი ბანკებში დადის, ფული დააქვს კანონით დადგენილი წესით… ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ეს ხომ ერთჯერადი აქტი არ იყო, არა? თუ უკანონობა იყო, ბანკირი და სახელმწიფო სტრუქტურები რას აკეთებდნენ“? – იკითხა ადვოკატმა პროცესზე.
„თუ ვინმე რამე უკანონობას [ხედავს] ან კანონში არის ლაფსუსი… ამასთან [ფული] მოჰქონდა ვიღაცას. რითი უნდა დაიზღვიოს ვალუტის გადამხურდავებელმა თავი? რა ფული მოდის, გამოძიებას ხომ არ ჩაუტარებს“ – თქვა ედიშერ ქარჩავამ.
„რუბლი აზერბაიჯანიდან“
როგორც სასამართლოდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, პროკურორმა ზინიკო ქობალიამ განაცხადა, რომ საქმე უკავშირდება აზერბაიჯანიდან რუსული ვალუტის უკანონოდ შემოტანასა და დოლარში კონვერტაციას.
კერძოდ, პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოტანილი 59 მილიარდი რუსული რუბლის კონვერტაციის შედეგად გაათეთრეს 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო.
ამასთან, სასამართლოზე დასახელდა კიდევ ერთი სახელი – ელდარ ჰუსეინოვი, რომელიც ბრალდებულთან ერთად მოქმედებდა.
ბრალდებულმა კახა კოტორაშვილმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ ესმის წარდგენილი ბრალდების არსი.
ის დუმილის უფლებას იყენებს.
$665 მილიონის საქმე
პროკურატურის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული ვერსიით, ფულის გათეთრების ასეთი სურათი და სქემა იხატება:
· 2022 წლისთვის კახა კოტორაშვილი საქართველოში ფლობდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს;
· ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ჰქონდა ეროვნული ბანკისგან გაცემული ოფიციალური ნებართვა (საქართველოში 720-მდე ასეთი სავალუტო ჯიხური არსებობს);
· პუნქტი თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს;
· ბრალდებულმა 2022 წელს დაიწყო ფულის გათეთრების გრანდიოზული სქემის ამუშავება;
· ჰყავდა თანამზრახველებიც;
· თანამზრახველებს „მოსაზღვრე ქვეყნებიდან“ შემოჰქონდათ თანხა, უცხოური ვალუტა, – რომელიც, როგორც აღმოჩნდა, „დაუსაბუთებელი წარმომავლობისა“ იყო;
· თანხა შემოჰქონდათ მებაჟეებისგან მალულად, მანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით;
· თანხა მიჰქონდათ „თავშეყრის ადგილას“ – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში.
უშუალოდ „გათეთრება“ – სამართლებრივ ენაზე, უკანონო თანხისათვის კანონიერი სახის მიცემა – სწორედ მას შემდეგ ხდებოდა, რაც თანხა ჯიხურში აღმოჩნდებოდა ხოლმე:
· ფული ბრალდებულს სხვადასხვა პერიოდში მიჰქონდა ბანკებში და ეუბნებოდა, სავალუტო საქმიანობით მიღებული კანონიერი შემოსავალიაო;
· ამის დამადასტურებლად კომერციულ ბანკებს აწვდიდა „წარმომავლობის შესახებ ყალბ მონაცემებს“;
· შემდეგ ბანკებში ფულს აკონვერტირებდა, ურიცხავდა სხვა ადამიანებს, ყიდულობდა უძრავ-მოძრავ ქონებას (სავარაუდოდ, ბინებს, სახლებს, ნაკვეთებს, მანქანებს) და, ერთი სიტყვით, ასე მიმართავდა უკანონო თანხას „ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.




