შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეზე, – რომელსაც მედიაში „პირბადეების საქმედ“ მოიხსენიებენ და რომლის ფარგლებშიც მათ ანგარიშები დაუყადაღეს, – თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
გამოკითხვამდე მან მედიას უთხრა, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორის დაშინებაა.
“ჩვენ არც პირბადე არ შეგვიძენია და არც ჩვენი ანგარიშებია დაყადაღებული, თუმცა თავისთავად ზუსტად ეს მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას, პირბადის შეძენით შეუძლებელია სახელმწიფოს რამე დაუშავო, ეს არ არის მთავარი ამ გამოძიებისთვის”, – თქვა მან სასამართლოში შესვლამდე.
გამოკითხვიდან გამოსულმა კი მედიას უთხრა, რომ გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვებს და ასევე მის საჯარო განცხადებებს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
“მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგარიშზე, რისი მიზანიც იყო დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო. როგორც ჩანს, ეს ადარდებთ მათ ყველაზე მეტად, როგორც ჩანს.
მეორე საკითხი შეეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე რომ მნიშვნელოვანია დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების, ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები”, – თქვა ეკა გიგაურმა.
ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხეს:
· 8 სექტემბერს – ISFED-ის მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი;
· 5 სექტემბერს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მან განმარტა, რომ „წიწაკის სპრეი“ ორგანიზაციამ შეიძინა თანამშრომელი ქალებისთვის, „სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად“;
· 4 სექტემბერს – „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან თქვა, რომ პროკურორებს არ წარმოუდგენიათ „არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“;
· 3 სექტემბერს – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაარსებიდან „მუდმივად იცავს ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“;
· 3 სექტემბერს – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი;
· 9 სექტემბერს – „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
· 16 სექტემბერს – “ადამიანის უფლებათა სახლის” თავმჯდომარე და „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი .




