ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
“გვსურს, გუშინ, სამების ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოვეხმაუროთ, რამაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ეკლესიაში ასეთი არაქრისტიანული ქცევა და ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის […] ამიტომ, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა უზრუნველვყოთ, რათა არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა არ დავუშვათ.
დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამებაში მომხდარი ფაქტი კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა, ამჟამინდელი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის პროპორციულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ამიტომ, ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა ჩვენ უკვე დავიწყეთ. შევისწავლით საერთაშორისო, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებასა და სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს. ასევე, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დავაინიცირებთ.
პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს […] ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჩვენი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს დავაინიცირებთ, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ, ასევე სხვა რელიგიურ ნაგებობებსაც – მაგალითად: მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს”. – თქვა ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.