თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე საღებავის შესხმის გამო ბრიფინგი გამართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზე ასევე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
ოხანაშვილის განცხადებით, მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თქვა, „ქართულმა ოცნებამ” საკითხის შესწავლა დაიწყო. მან აღნიშნა, რომ იგეგმება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).
ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).
შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ 9 იანვარს სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
10 იანვარს აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც „ხატის შეურაცხყოფაში” ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებდნენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა”.
შეკრებილებს შორის იყო ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ალტ-ინფოს” წარმომადგენელი ზურაბ მახარაძე. მან აქციის დასასრულს განაცხადა: „რადგან ნატა ფერაძეს პოლიციის ამხელა კორდონით იცავენ, აწი ჩვენ კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან… ახლა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ნატა ფერაძეზე კანონი მუშაობს თუ არა”.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში თავდაპირველად გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილი ვიდეოში, რომელიც ფეისბუკის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამავე პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური “დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას – დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.