ირაკლი ქადაგიშვილი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე – ეს თანხა რა წარმომავლობის არის და რა მიზნებისთვის იყო მიმართული, ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანი იქნება

ეს თანხა რა წარმომავლობის არის და რა მიზნებისთვის იყო მიმართული, ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანი იქნება – ვინ, რა, როგორ და რა მიზნებისთვის – ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, სპეკულაციას ვერ დავიწყებთ, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2022-2024 წლებში, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ერთი პირი დააკავა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია ის, რაც პროკურატურამ გაახმოვანა და რაზეც გამოძიებაა დაწყებული.
„ეს თანხა რა წარმომავლობის არის და რა მიზნებისთვის იყო მიმართული, ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანი იქნება. კორუფცია ეს არის არამარტო ეკონომიკური დასუსტების, არამედ ინსტიტუციების დასუსტების გზა. ამავდროულად, კორუფცია მით უმეტეს, თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ არის ჩადენილი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდანაც ქვეყანაში მათი ინტერესების რეალიზაციის გზით. ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური საკითხი. ვინ, რა, როგორ და რა მიზნებისთვის – ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, სპეკულაციას ვერ დავიწყებთ, დაველოდოთ გამოძიებას“, – განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა რომ იმ წლებში, როცა სავარაუდო დანაშაული მოხდა, ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს ამის შესახებ არ სცოდნოდა, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „როგორც ჩანს, ეს გამოძიება გუშინ არ დაწყებულა და შეიძლება, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“.
„პროკურატურის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ხდებოდა ფულის შემოტანა არალეგალურად და შესაბამისად, რეალიზაცია საბაკო სექტორში. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ და სუს-მა გამოძიება ჩაატარა. როგორც ჩანს, ეს გამოძიება გუშინ არ დაწყებულა. შეიძლება, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა, როგორ და რანაირად, ამას გამოძიება გვეტყვის. თქვენ რა სახელ-გვარებსაც ასახელებთ, ეს თქვენი პოლიტიკური ინტერესია. აქედან გამომდინარე, თქვენს პოლიტიკურ ინტერესს მე ვერ დავაკმაყოფილებ. დააკმაყოფილებს გამოძიება და მივა იმ ფიგურანტებამდე, ვინც ამ დანაშაულებში შეიძლება იყოს ჩართული. ამიტომ წინასწარ მე არანაირი არც ინფორმაცია მაქვს და არც სურვილი, რომ რაიმე სპეკულაციების განმარტებით დავკავდე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამხელა თანხის გათეთრება მფარველობის გარეშე მომხდარიყო, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „დანაშაული შეიძლება ვიღაცასთან ან ვიღაცისგან დამოუკიდებლად ჩაიდინო. ამიტომ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ“.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.