ესპანეთს რეკორდულად ცხელი ზაფხული ჰქონდა

ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე ცხელი ზაფხული ამ ქვეყნის ისტორიაში. ხმელთაშუა ზღვის მთელი რეგიონი მძიმედ დააზარალა კლიმატის ცვლილებამ
ესპანეთში 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე საშუალო ტემპერატურა 24.2 ცელსიუსი დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მას შემდეგ, რაც სამსახურმა 1961 წელს ჩანაწერების წარმოება დაიწყო. წინა რეკორდი 2022 წლის ზაფხულში დაფიქსირდა – 24.1 გრადუსი.
ეს ზაფხული ასევე 2.1 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე 1991-2020 წლების ეროვნული საშუალო მაჩვენებელი.
ყველაზე მაღალი დღიური ტემპერატურა 45.8 გრადუსი ესპანეთის სამხრეთით, ხერეს დე ლა ფრონტერაში, 17 აგვისტოს დაფიქსირდა. გაეროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 20%-ით უფრო სწრაფად თბება.
ზაფხულის მცხუნვარე თვეებში ესპანეთის სოფლის ტერიტორიებზე იმატა ხანძრებმა. ევროკავშირის ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, ხანძრების შედეგად რეკორდული 382,000 ჰექტარი დაიწვა. წინა რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 306,000 ჰექტარი დაიწვა.