თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოებაა დაგეგმილი. აღნიშნული ინფორმაცია
დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით 2026-2029 წლებში განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ პროგრამებში ცვლილებების განსახორციელებლად.
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი იყენებს და ადრეულ პერიოდში ვლინდება ძალიან ბევრი მძიმე დაავადება. ამ პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ დამატებითი თანამედროვე კვლევის მეთოდების ჩართვას იმისთვის, რომ დიაგნოზის დასმის სიზუსტის ეფექტიანობა ამაღლდეს. ამასთანავე, “გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების” პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, ვგეგმავთ ახალი მედიკამენტების შემოღებას, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნულ პროგრამას. გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, გაფართოვდება “ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების” პროგრამაც”,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ანდრია ბასილაიას თქმით, მზადყოფნა არსებობს, რომ “ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების” პროგრამას, მულტიდისციპლინური გუნდიც დაემატოს.
„რამდენიმე წელია მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანი “ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების” პროგრამა. ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და იგეგმება ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ჩამონათვალის გაფართოება, რაც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას ჩაიტარონ ღვიძლისა თუ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია”,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, “რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების” პროგრამას, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად დამტკიცებული ახალი მედიკამენტები დაემატება იმისთვის, რომ პროგრამა მეტად ეფექტური გახდეს.
„ძალიან აქტიურად ვუყურებთ სოციალურ პროგრამებს, თუ სად არის ცვლილების საჭიროება და პირველ რიგში, ეს ცვლილება შეეხება ძალიან პოპულარულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება ხორციელდება. ვგეგმავთ, რომ საკურორტო ვაუჩერების ღირებულება გაიზარდოს იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს აღნიშნული ოჯახებისთვის. მომდევნო წლებში, მინიმუმ, 12-13 ათასი ოჯახი ისარგებლებს ამ მომსახურებით”,- განაცხადა მერის მოადგილემ.
ანდრია ბასილაიას განცხადებით, ასევე იგეგმება “სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების” ერთჯერადი ვაუჩერის პროგრამის გაზრდა, “სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების” პროგრამის ვაუჩერის გაზრდა, აგრეთვე გაფართოვდება “მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის” პროგრამა, რაც მათ უკეთ ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს და ხელს შეუწყობს განათლებისა და დასაქმების მიმართულებით.
ასევე, 100 წელს მიღწეული მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ოდენობაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამით 100 წელს მიღწეული თბილისელები – 10-ჯერ გაზრდილ ბენეფიტს – 10 000 ლარს მიიღებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
