თეონა აქუბარდია – „ოცნება“ თვითონ ცდილობს ქართველების ახალი ჯიშის გამოყვანას – რაც შეეხება მანდატებზე გახარიას განცხადებას, სუბარის გვერდით სავარძლის დაკავება იქნება მიღწეული შედეგებისთვის ხაზის გადასმა, ეს მიუღებელია

კახა კალაძეს, წლების წინ, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ის საარჩევნო კამპანია, რომელშიც ახლა იმყოფება – მისი საარჩევნო კამპანიის სახე არის ის ვითომ კაცები, რომლებიც გენიტალიების დემონსტრირებას ახდენენ მომიტინგეებზე და ის ვითომ კაცები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ – ისინი რეალურად, ცვლიან ცნებას, რას ნიშნავს იყო ქართველი, თვითონ ცდილობენ ქართველებისგან ახალი ჯიშის გამოყვანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერი ე.წ. ზონდერებით ცდილობს, საკუთარი ძალაუფლება დაიცვას და ამ ძალმომრეობით, სრულიად არათავისუფალ და არასამართლიან არჩევნებში, მოირგოს მერის სავარძელი მეტი ფულის შოვნისთვის.
როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, ბესიკის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც კონკრეტულმა პირმა აქციის მონაწილეებს შორის პისტოლეტის დემონსტრირება მოახდინა, ძალიან შემაშფოთებელი და საშიშია.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ეს არის ის ტაქტიკა, რომლის გამოყენებასაც დემონსტრანტების დასაშინებლად აპირებს.
“მე ვფიქრობ, ივანიშვილის და კობახიძის რეჟიმმა ქვეყანა ძალიან საშიშ ფაზაში შეიყვანა. ერთ მხრივ, ჩვენ ქალაქის ქუჩებში ვხედავთ იმ ძალადობის პროვოცირებას, რომელსაც მთავარი ავტორი ჰყავს “ოცნების“ რეჟიმი. გუშინდელი ინციდენტი – არასრულწლოვანი პნევმატური იარაღით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რადიკალიზმზე დგას დღეს, რეალურად, ირაკლი კობახიძის რეჟიმი. რადიკალიზმი არის ის, რითაც ცდილობს ძალაუფლების დაცვას. გუშინდელი ინციდენტი ძალიან შემაშფოთებელი და საშიშია. როგორც ჩანს, ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც აპირებს, რომ გამოიყენოს დამატებით დასაშინებლად. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას – ოდესმე გახსენდებათ ოპოზიციური პარტიების ბანერების დაზიანებისთვის ვინმესთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეწერათ?! ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დევნა. ხოშტარიამ თქვა, რომ ეს მისი პროტესტის ფორმა იყო.
ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა, ალბათ, კახა კალაძეს წლების წინ, ის საარჩევნო კამპანია, რომელშიც ახლა ის იმყოფება, იმიტომ, რომ მისი საარჩევნო კამპანიის სახე არის ის ვითომ კაცები, რომლებიც გენიტალიების დემონსტრირებას ახდენენ მომიტინგეებზე და ის ვითომ კაცები, რომლებიც ცხრა შვილის დედას ურტყამდნენ, მათ შორის, უპირისპირდებოდნენ ქალ ჟურნალისტებს. კალაძე ე.წ. ზონდერებით ცდილობს, დაიცვას საკუთარი ძალაუფლება და ამ ძალმომრეობით, კიდევ ერთხელ, სრულიად არათავისუფალ და არასამართლიან არჩევნებში, მოირგოს მერის სავარძელი მეტი ფულის შოვნისთვის.
სიყალბეა მათი საუბარი ქართულ ღირებულებებზე და იდენტობაზე. ისინი რეალურად ცვლიან ცნებას, რას ნიშნავს იყო ქართველი. თვითონ ცდილობენ ქართველებისგან ახალი ჯიშის გამოყვანას, იმიტომ, რომ ისინი არიან ის ხალხი, ვინც ქალების წინააღმდეგ იყენებენ ამ ე.წ. კაცებს, ისინი არიან, ვინც ამართლებენ ქალების ცემას, ისინი არიან, ვინც ცდილობენ დაპირისპირების და შუღლის გაღვივებით საქართველოს დამატებითი საფრთხე შეუქმნან, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირისპირდებიან. ის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნა და ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტის რეზოლუცია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სხვა არაფერია თუ არა, ერთი მხრივ, საჩუქარი კრემლისთვის და მეორე მხრივ, ხელ-ფეხის გახსნა იმისთვის, რომ ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების იძულების მოთხოვნა კიდევ უფრო გააძლიეროს,“ – განაცხადა აქუბარდიამ.
მან გადაცემაში, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილთან მისასვლელად იყო ის მსხვერპლი, რომელიც ირაკლი კობახიძეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მისთვის გზავნილი გაეგზავნა და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ დაშინების მეთოდი გამოეყენებინა.
როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წევრები არა კორუფციას, არამედ პარტიიდან „გაგდებულებს“ ებრძვიან, რადგან, როგორც ჩანს, მათგან საკუთარი რეჟიმისთვის საფრთხე იგრძნეს.
რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასადმი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან დასმულ კითხვებს, აქუბარდია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერისადმი ბრალდებები და შეთქმულების თეორიები გაგრძელდება.
„მე გიორგი გახარიას ქონებაზე ვერ ვისაუბრებ. გახარიას მისამართით ბრალდებები, შეთქმულების თეორიები გაგრძელდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ცალ-ცალკე უფრო მარტივია მორევა, ვიდრე ერთიანი ბრძოლის ირგვლივ დარაზმული ადამიანების.
როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, ეს კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრაა. მათ შორის, თითქოს, კორუფციასთან ბრძოლა ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით არის კლანური დაპირისპირება. მითხარით მოქმედი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის წინააღმდეგ თუ იცით კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით ან გამოძიება, ან შედეგი. ისინი ებრძვიან გაგდებულებს. ეს მე არ მომიგონია, მათ თავად თქვეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ანგელოზი და თეთრი არ აქვს მოპარული თავდაცვის ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ეს იყო ის ტრადიცია, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა ამ ქვეყანაში. ივანიშვილის რეჟიმი თავიდან ბოლომდე კორუფციაზე დგას. ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ღარიბაშვილის გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, ღარიბაშვილამდე მისასვლელად ბურჭულაძე იყო ის მსხვერპლი, რომელიც კობახიძეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მისთვის გზავნილი გაეგზავნა და მეორე მხრივ, გარკვეულად დაშინების მეთოდი გამოეყენებინა. ეს შიდა კლანური ბრძოლა არის ირაკლი კობახიძის მყიფე ძალაუფლების მაჩვენებელი, რომელმაც წარმატებით მოუგო პირველი რაუნდი ირაკლი ღარიბაშვილს იმით, რომ სრულიად ჩამოაცილა ძალაუფლებას. ახლა უკვე ცდილობს რეჟიმის გამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, მისი რეჟიმი მყიფეა,“ -განაცხადა აქუბარდია.
ამასთან, მან შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ, პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა და აღნიშნა, რომ შეცდომების ანალიზი ერთადერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – როგორ გავისტუმროთ მშვიდობიანად „ქართული ოცნების“ რეჟიმი და როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციურ გზაზე.
აქუბარდია აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია, გახარიას პარტიამ 12 მანდატი გამოიყენოს და პარლამენტი შევიდეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის არანაირ თეორიულ დაშვებას ადგილი არ ექნება.
„პარლამენტში შესვლაზე საუბარი ახლა, ან შეცდომების ანალიზი, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ერთადერთ მზიანს უნდა ემსახურებოდეს, როგორ გავისტუმროთ ეს რეჟიმი მშვიდობიანად და როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციურ გზაზე. მე ვფიქრობ, შემატო არალეგიტიმურ პარლამენტს გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც სოზარ სუბარის გვერდით ოპოზიციისთვის განკუთვნილ სავარძელს დაიკავებს, იქნება იმ მნიშვნელოვანი შედეგისთვის ხაზის გადასმა, რაც ჩვენ მივიღეთ. შედეგია, რომ ერთ მხრივ, ლეგიტიმაცია არ აქვს რეჟიმს და ხელს არავინ ართმევს ირაკლი კობახიძეს და მეორე, ის სანქციები, რომელიც არის ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის დაწესებული. ერთია თეორია, მაგრამ მეორეა ის სწორი გზა, რითაც შესაძლებელია რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა და იმ მიზნის მიწევა, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
არსებობს გარკვეულწილად თეორიული დაშვება, რამე რომ იყოს, პარლამენტში 12 ადგილის დაშვებასთან დაკავშირებით. მე ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ არანაირი თეორიას არ ექნება ადგილი. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია,“ – განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, მან შეაფასა ელჩებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ისინი „ჩართული არიან პროცესებში, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ქვეყანაში“ და განაცხადა, რომ „ეს ერთი ერთში რუსული ნარატივია“.
მისივე თქმით, ბრიუსელის მიზანი არის საქართველოს მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ეს არის პროპაგანდის ტექნიკა, რასაც ძალიან ხშირად იყენებენ ავტორიტარული ქვეყნები, დააბრალო სხვას ის, რასაც შენ აკეთებ. ბრიუსელის მიზანი არის საქართველოს მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. ევროკავშირს კარი ღია ჰქონდა, რომ საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაეწყო. ითხოვდა იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, რომელზეც საქართველოს ჰქონდა მიმართული. ევროკავშირი არაფერს არ ითხოვს გარდა იმ მიმართვის საფუძველზე არსებული ვალდებულებების შესრულებისა, რომელიც საქართველოს სჭირდება ევროკავშირის წევრობისთვის და არა ევროკავშირს საქართველოში გამოგონილი მეორე ფრონტის გასახსნელად,“ – განაცხადა აქუბარდიამ.