წინასაარჩევნო კამპანია რთულ და შეზღუდულ გარემოში მიმდინარეობს – აშკარად იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა თავაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
თავაძემ სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, რაც მისივე ინფორმაციით, “ოცნების რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო გარემოს ყოველმხრივ გაუარესებას ადასტურებს“.
“ახმეტის მუნიციპალიტეტში ხალწანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე დავით მარგოშვილზე „ოცნების“ სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებისა და სხვა მოქმედი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ფორსირებული ზეწოლა ხდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ზეწოლას ახორციელებდნენ “ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ალექსი ფიცხელაური. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მარგოშვილს საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა, რათა “ოცნების“ კანდიდატი უკონკურენტოდ დაეტოვებინა, რაც მან არ გააკეთა. ამის შედეგად ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ საკითხზე, ცხადია, სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეაგირების არანაირი იმედი არ გვაქვს. ასევე, მოგახსენებთ, ამ წუთებში წნეხი მიდის ოჯახის წევრებზე, დედაზე, დაზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ნიგვზიანის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი გოჩა შავაძე ჩვენს ოფისში გამოცხადდა ლევან კახაძესთან ერთად – პიროვნებასთან, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის, “ქართული ოცნების“ წევრის ბესიკ ტაბიძის ნდობით აღჭურვილი პირია. არსებული ინფორმაცია და ჩვენი პარტიის შტაბის განმარტებები პირდაპირ მიუთითებს ზეწოლაზე და ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ბესიკ ტაბიძემ კახაძის მეშვეობით მოახდინა ზეწოლა შავაძის ოჯახზე, რის შედეგადაც შავაძემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ჩვენი პოლიტიკური ძალიდან.
სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის მაჟორიტარულ ოლქშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. ჩვენი პარტიის კანდიდატი, რომელიც 2021 წლიდან აქტიურად არის ჩართული პარტიის საქმიანობაში და იმავე წელსაც მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ, მიმდინარე არჩევნებშიც თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილიყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან საკუთარი ხელით დაწერა განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ადგილობრივი შტაბის ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა დაუდგენელი პირების მიერ, რომელთა სახელებსა და გვარებს ის არ ასახელებს. მისი თქმით, ისინი სენაკელები არ ყოფილან.
ასევე, მძიმე ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოს მასშტაბით “გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მერობის კანდიდატებზე, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის სრული გადაფარვა ჩვენი მხრიდან ვერ მოხერხდა და მერობის კანდიდატებს პროცესებიდან დისტანცირება მოუხდათ. აღსანიშნავია, რომ მასიური გაყალბების შემთხვევაში, მერობის კანდიდატები იმუნიტეტის გარეშე რჩებიან, რაც მაქსიმალურად ზღუდავს მათ საქმიანობას ნებისმიერი მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მერობის კანდიდატების ნაწილმა უარი განაცხადა „ოცნებასთან“ საარჩევნო კონკურენციაში შესვლაზე“, – განაცხადა ზაზა თავაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
თავაძე ასევე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის მისიის ჩეხეთში გაგზავნას და ანალოგიური მისიის საქართველოში არ ჩამოსვლის ფაქტს. თავაძის თქმით, “ოცნების“ ავტოკრატიის პირობებში, ეუთო/ოდირის მისიის არაგონივრულ ვადაში მოწვევა – ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, “ოცნების“ სტილში, ფორმალურ-თაღლითურ დატვირთვას ატარებდა“.
“საერთაშორისო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია „ოცნების“ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საფუძველზე, საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციურად მიტაცება, რასაც ჩეხეთის შემთხვევაში მინიმუმ ბოლო 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მიტაცებულია რეჟიმისა და მისი მსახურების მიერ და სისტემას მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კორუფციული სინდიკატის მეშვეობით. შესაბამისად, ჩეხეთის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხი და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის შედარება წარმოუდგენელია. სწორედ ამ გარემოებათა გამო, „ოცნების“ ავტოკრატიის პირობებში, ეუთო/ოდირის მისიის არაგონივრულ ვადაში მოწვევა, ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, ცალსახად ,,ოცნების“ სტილში, ფორმალურ-თაღლითურ დატვირთვას ატარებდა.
ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას არც ერთ დონეზე და არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ „ოცნების“ რეჟიმთან მარტო“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
