როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია აღწევდა იმას, რომ სახლი ეყიდა პარიზში?! ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ – ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წელს პარიზში ბინა შეიძინა.
ვოლსკის თქმით, ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო, თუმცა „პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს ამდენ დაპირისპირებას გაუმკლავდეს, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს“.
„უშველებელი ქონება დაუფიქსირდა. ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ. როდესაც პანდემიის გამო, მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია აღწევდა იმას, რომ სახლი ეყიდა პარიზში?! ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. ვერ გააყალბებ იმ დოკუმენტებს, რაც წარმოადგინეს. სამწუხაროა. მე ვფიქრობ, ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს, მაგრამ პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს ამდენ დაპირისპირებას გაუმკლავდეს, რასაკვირველია, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს. მას რესურსი გააჩნია. პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა კიდევ თავს და ეს გახარია მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
