ვალერი ჩეჩელაშვილი – აშშ-თან ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყებაზე საუბარი უმადურობის გამოვლინებაა – ვფიქრობ, აშშ-ს მოთმინება იწურება

დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, სა და სხვა პოლიტიკოსების დაკავება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მყარად ვერ გრძნობს თავს და გარკვეული შიშები აქვს.
როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პოლიტიკოსების დაკავებით ხელისუფლება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
„დღეს ჩანს, რომ რა პროგნოზიც გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა, ყველაფერი აღსრულდა. ეს იმის დასკვნის საფუძველს წარმოადგენს, რომ ლევან ხაბეიშვილს ძალიან სერიოზული ინფორმაციის წყაროები ჰყავს, საკუთრივ „ქართული ოცნებიდან“. იყო ეს დაკავების საფუძველი თუ არა, ეს მეორე საკითხია. სამართლებრივ ანალიზს არ შევუდგები, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მყარად ვერ გრძნობს საკუთარ თავს და გარკვეული შიშებიც ამოძრავებს. მეორე, ოპოზიციურ სპექტრში ამ დაკავებებით, ის აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყნის შიგნით და ართულებს ჩვენს ურთიერთობებს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა და ევროკავშირი. სამწუხაროდ, ასეთ დაბალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობები არც ბრიუსელთან და არც ვაშინგტონთან არ ყოფილა“, -განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზეც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით წინააღმდეგობები იყოს.
„რეალურად, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, ამაზე დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ თავდაცვის მისტირი ძალიან სერიოზული ფიგურაა. მისი დაკავება იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ წინააღმდეგობები ნამდვილად არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არის ძალიან დაახლოებული პირი ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, ალბათ, ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფიგურას უკავშირდება. ვფიქრობ, ამით ეს პროცესი არ დასრულდება. საკითხავი ის არის, ეს მოხდება 4 ოქტომბრამდე, რომელიც გარკვეულწილად, საკრალური თარიღია, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან ალბათ, „ქართული ოცნებაც“ ფიქრობს, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ის იქნება პოლიტიკური ვითარების სერიოზული აყირავება და მათი წინასაარჩევნო პოზიციების შესუსტება. ამით იქნება ეს გადაწყვეტილება განპირობებული“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, ვალერი ჩეჩელაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და მასში ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საიმისოდ, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს. ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, ოპოზიციას ბოიკოტი ერთიანად უნდა გამოეცხადებინა.
„ის რეალობა, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, არის ყველაზე უარესი ოპოზიციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მომავლისთვის. სამწუხაროდ, ამან დაადასტურა ჩვენი ოპოზიციის ფრაგმენტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს რა თქმა უნდა, ყველა გადმოსახედიდან ”ქართული ოცნების“ შანსებს ზრდის. ჩვენ მივიღეთ პარადოქსული ვითარება-ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, „ქართული ოცნება“ კი გუნდის შიგნით საკუთარი დაპირისპირებით, ამ დაჭერებით და წინააღმდეგობებით მხარს უჭერს ოპოზიციას, ხოლო მთლიანად ქვეყანა უფრო ღრმად ვეფლობით პოლიტიკურ კრიზისში. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, მან აშშ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აშშ-თან ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყების იდეას არ ეთანხმება. ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტებით, მსგავსი განცხადებები „უმადურობის გამოვლინებაცაა“, ვინაიდან გამოდის, რომ ჩვენ არ ვაფასებთ იმ დახმარებას, რაც ამერიკამ საქართველოს სხვადასხვა სფეროში გაუწია, იქნებოდა ეს სამხედრო სფერო, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, ჰუმანიტარული დახმარება თუ ა.შ.
„ვფიქრობ, აშშ-ს მოთმინება იწურება. თუ ასე გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, „მეგობარი აქტი“ მიღებული იქნება. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა ამ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელისუფლება მზად არის გარკვეული კომპრომისებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე გარეთ, ჩვენს ურთიერთობაში. „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება არ აქვს, არ გამოამჟღავნა ან გამოხატა მზაობა, რომ წავიდეს კომპრომისებზე, ვერანაირი განცხადებები, რომ ჩვენ გვინდა ახალი ურთიერთობების დაწყება, ამ ურთიერთობებს ვერ გამოასწორებს. ამასთან, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან. ამას არც ქართული საზოგადოება და არც საქართველოს ისტორია „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.