რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების – „ზაპად 2025“-ის – ფარგლებში, ბარენცის ზღვაში მდებარე პირობითი სამიზნის მიმართულებით ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ცირკონის“ პრაქტიკული გაშვება ფრეგატ „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა განახორციელა.
„რეალურ დროში მიღებული ობიექტური კონტროლის მონაცემების თანახმად, სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები – „ზაპად 2025“ – 12 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვი და მინსკი აცხადებენ, რომ წვრთნები წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ითვალისწინებს. წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.




